Site icon Civil.ge

ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მოდის, 6 მაისი, 2021, ფოტო: კადრი „ტელეკომპანია პირველის“ ვიდეოდან

ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მოდის და საზოგადოებრივ მოძრაობას – „ერთობა, რაობა, იმედს“ აფუძნებს.

„გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესული არის პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ და დაამატა, რომ მისთვის „ბოლო წვეთი“ ე.წ. დანიელსონის დოკუმენტზე ხელის მოწერა იყო, რითაც მისივე შეფასებით, „მოხდა ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა“.

ვასაძის მტკიცებით, თუკი 19 აპრილის შეთანხმება სრულად განხორციელდება, საქართველო „უცხოელების ჩარევის გარეშე“ ვეღარ გადაწყვეტს როგორ იმუშაოს ცესკომ, ანტირკორუფციულმა ინსტიტებმა, ასევე ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა.

საკუთარ სიტყვაში ვასაძემ ქვეყნის უკუსვლის მთავარ მიზეზად პოლიტიკური წყობის ცვლილება – საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება დაასახელა.

მანვე დააანონსა, რომ ახლადშექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა 16 მაისს თბილისში საპროტესტო აქციას გამართავს.

ცნობილი ბიზნესმენი გავლენიანი ფიგურაა ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ურლტრაკონსერვატულ ჯგუფებში. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებული პირია.

ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, ე.წ. „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დაანონსა. მაშინ შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. ვასაძე ლგბტ თემის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციას წინამძღოლობდა 2019 წლის ნოებერშიც, როდესაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები თბილისის კინოთეატრებთან ლევან აკიმის გეი თემატიკაზე შექმნილი ქართული ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)