Site icon Civil.ge

ევროკავშირმა მელიას სასარგებლოდ გირაო გადაიხადა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, ფოტო: facebook.com/Nika.Melia5/

ევროკავშირმა დღეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად 40 000 ლარის ოდენობის გირაო გადაიხადა. ამგვარი ქმედება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას მოყვა.

„გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გირაოს გადახდა „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს დაასრულებს. „გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, რომ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, „რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

ნიკა მელია ამნისტიის კანონი დაგმო და განაცხადა 26 აპრილს, რომ მისი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მზად იყო ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოზე დათანხმებულიყო. მან ამნისტიის კანონს „ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ამნისტიით აპირებს შეიწყალოს ყველა ის პირი, რომელთაც ბრალი 20-21 ივნისს მოვლენების საქმეზე ედებათ, მათ შორის, „დამნაშავე“ სამართალდამცველები და „ბრძანების გამცემები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)