ქვეყნის ლიდერებმა 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მელიტონ ქანთარიას მემორიალის ყვავილებით შემკობით აღნიშნეს და ევროპის დღის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც „შუმანის დეკლარაციის“ იუბილეს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ „ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველ დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოჰყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია“.
„ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წისვლა, თურმე, ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა“, – განაცხადა პრეზიდენტმა, რომელსაც ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებით ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ჰქონდა მხედველობაში.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში პატივი მიაგო, განაცხადა, რომ „საქართველომ და ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ ამ დიდი გამარჯვების მოპოვებაში“.
კიდევ ერთ ვიდეომილოცვაში, რომელიც ევროპის დღეს ეძღვნება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფით ჩვენი ბუნებრივი გარემოს – ევროპული სივრცისაკენ“.
აღნიშნა რა, რომ „ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა“, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დღევანდელ თაობებს ხვდათ წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება“.
პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „76 წლის წინ, კაცობრიობამ საშიშ მტერზე გაიმარჯვა და ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველ გმირებს მიუძღვით“. „დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“, – განაცხადა მან.
„დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში. ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)