Site icon Civil.ge

არასამთავრობოები სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობენ

ფოტო: კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის Facebook-დან

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“,„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გმობენ ბოლო დროს სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმების „საგანგაშო“ ტენდენციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების დევნის შემთხვევების „დაუყოვნებლივი“ გამოძიებისა და მედიისთვის „თავისუფალი, უსაფრთხო სამუშაო გარემოს“ შექმნისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები 8 მაისს ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რა დროსაც ადგილზე ინტერვიუს ჩასაწერად ჩასულ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს ამავე ეპარქიის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოამასალაში ჩანს, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვით გაღიზიანებულმა მიტროპოლიტმა ჟურნსლიტს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ზოგადად ჟურნალისტები „ჭინკებად“ და „ენერგოვამპირებად“ მოიხსენია. ამის შემდეგ, მან არხის კუთვნილ მიკროფონს ე.წ. ღრუბელი მოაძრო და გადააგდო, ჟურნალისტს მასთან მისვლა აუკრძალა, შემდეგ კი – მას კისრის არეში ხელი დაარტყა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ხელმომწერი ორგანიზაცები 9 მაისს გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლად“ აფასებენ და მოითხოვენ „შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია“. კოალიაცია ჟურნალისტებზე სასულიერო პირების მხრიდან თავდასხების სხვა შემთხვევებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ამ დრომდე შსს-ს არაერთ ასეთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

„სამართალდამცველი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვება, ამგვარ ძალადობასა და ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის შემთხვევებს ახალისებს, რაც მედიაგარემოსთვის ძალიან დამაზიანებელია“, – აღნიშნა ჟურნალისტური ეთიკის ქართიამ 9 მაისის განცხადებაში და დაამატა, რომ „ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების საშუალება“.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ 9 მაისის განცხადებით, „გავლენიანი სასულიერო პირების“ მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმები „აქეზებს საზოგადოებაში სიძულვილსა და ძალადობას“. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს საპატრიარქოს „გაიაზროს საკუთარი, როგორც რელიგიური ინსტიტუციის როლი და აღკვეთოს სასულიერო პირების ძალადობა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება“.

„მსგავსი შემთხვევები ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლების მიმართ ყველაზე ხშირად ხდება, რაც ხელისუფლების სიძულვილის რიტორიკისა და პოლიტიკური პოლარიზების საერთო რეალობის შედეგია“, – მიიჩნევენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში მომხარზე გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია შსს-ს. ოფიციალური განმარტება არც საქართველოს საპატრიარქოში გაკეთებულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)