ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს რუსთავის საპატიმრო დატოვა. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლას წინ უძღვოდა ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს სანაცვლოდ მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქვემოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის გათავისუფლებაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებია მოცემული.
მმართველი გუნდის შეფასება
ანრი ოხანაშვილი – იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ევროკავშირმა სააკაშვილს არ მისცა რუსული დესტაბილიზაციის სცენარის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან გადაიხადა გირაო და ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, ანუ მელიას საშუალებით, სურდა სააკაშვილს, რომ ეს რუსული სცენარი განეხორციელებინა, აღკვეთა. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ევროკავშირისთვის არც ნაციონალური მოძრაობა და არც ნიკანორ მელია. ეს არის სამართლებლივი სახელმწიფოს პრინციპი, ვინაიდან, ევროკავშირი როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მხარს უჭერს, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“.
გიორგი ამილახვარი – ქართული ოცნება: „ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ პოლიტიკურ პატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას. გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის თანხვედრაში პროკურატურის ქმედებასთან. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში იძახდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს. შემდგომ, იგი იძახდა, რომ არ მიიღებდა გირაოს, მაგრამ უწევს ამაზეც დათანხმება და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ იგი ასევე დათანხმდება ამნისტიის კანონსაც“.
ოპოზიციის შეფასება
გია ბარამიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ამან, რა თქმა უნდა, შეცვალა ვითარება საერთოდ ოპოზიციურ სპექტრში, ამიტომ, ნაციონალურ მოძრაობაშიც არის ახლა უკვე განსხვავებული აზრი, ღირს თუ არა ასეთ პარლამენტში შესვლა. ჩემი პოზიცია, ბუნებრივია, [არის ის, რომ] რადგან არალეგიტიმურია პარლამენტი, არ უნდა შევიდეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია გაათავისუფლა ოცნებამ, ლეგიტიმაცია შეიძინა ამ პარლამენტმა? […] როგორც ყველა სერიოზული გადაწყვეტილება, ესეც არ იქნება კულუარული გადაწყვეტილება. როგორც მინიმუმ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს [პარტიის] პოლიტიკური საბჭო და მე ვფიქრობ გაფართოებული შემადგენლობით“.
მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „სტაბილიზაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული და ეს იქნა მიღწეული შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. ეს არის შედეგი, როდესაც ორი პოლიტპატიმარი უკვე არის საპყრობილეს გარეთ. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შემოსვლას პარლამენტში, ეს ბუნებრივია, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ლოგიკური იქნება, რომ მთელი პოლიტიკური ბრძოლა იქნას გადატანილი პარლამენტში… […] პროდასავლურმა პარტიებმა ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის სხვა პუნქტებიც იქნას შესრულებული, რათა ქვეყანამ დაიწყოს გადატვირთვა და პოლიტიკური პროცესები გადავიდეს პარლამენტის შენობაში“.
გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ყველამ მოვაწერეთ ხელი და ნაციონალური მოძრაობა ჯერ არ აწერს ხელს და იმედია, რომ შეუერთდება, შავით თეთრზე წერია, რომ პოლიტიკური პატიმრები იყვნენ გიორგი რურუაც და ნიკა მელიაც. დიდი გამარჯვებაა, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა, ახლა ნიკა მელია გათავისუფლდა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ დოკუმენტის შესრულებისკენ. უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი ერთი პარტია არა ვართ. ვინც უარს იტყვის თანამშრომლობაზე, იმას შესაბამისად ექნება პრობლემები“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)