Site icon Civil.ge

მსოფლიო ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შესამსუბუქებლად საქართველოს 85 მლნ ევრო გამოუყო 

ფოტო: unsplash.com

მსოფლიო ბანკმა 11 მაისს განაცხადა, რომ ის 85 მლნ ევროს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნისა და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული კომპანიების მხარდასაჭერად.

ბანკის თქმით, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დაეხმარება დაახლოებით 6 000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და მისი მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტპანდემიურ სცენართან ადაპტაციაში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოშის“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება. მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოშის“ დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ „დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“.

„აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას“, – დასძინა მსოფლიო ბანკმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)