Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანს ესტუმრა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, 12 მაისი, 2021, ფოტო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიცე-პრემიერთან, დავით ზალკალიანთან ერთად დღეს ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რის შემდეგაც ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მიესალმა ორ ქვეყანას შორის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერებმა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კულტურის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი“, – აღნიშნა მან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა და რეგიონული სტაბილურობა საჭიროა არსებული ურთიერთობების გაღრმავებისთვის და დასძინა, რომ საქართველო „მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება“. აღნიშნა რა, რომ კორონავირუსის პანდემიამ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა მთელ რეგიონს მნიშვნელოვანი სირთულეები შეუქმნა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“ და რომ საქართველოსა და მთლიანი რეგიონისთვის სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ „საქართველოსთან განსაკუთრებული მეზობლური ურთიერთობების განვითარება სომხეთის საგარეო პოლიტიკაში მთავარ ადგილს იკავებს“.

„ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ასევე დემოკრატიის საერთო ღირებულებები და კანონის უზენაესობა მყარ ფუნდამენტს ქმნის, რომელსაც ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობა ეფუძნება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თბილისსა და ერევანს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილონ ყურადღება. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მათ სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების უფრო ეფექტიანი გამოყენების საჭიროებაზეც ისაუბრეს.

აღნიშნა რა, რომ ყველა კონფლიქტი თავისი სპეციფიურობით გამოირჩევა, ფაშანიანმა განაცხადა, რომ მან სენსიტიურ საკითხებზე „დაბალანსებული და კონსტრუქციული პოზიცია“ შეინარჩუნა. მას მხედველობაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები ჰქონდა.

„საქართველო-სომხეთის პარტნიორობა ერთ-ერთი უძლიერესი გარანტიაა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

თებერვალში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების შემდეგ, ღარიბაშვილი უკვე მეორე მეზობელი ქვეყნის დედაქალაქს ესტუმრა. 5 მაისს იგი ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)