დღეს, ქვემო ქართლში, ქალაქ დმანისში მასობრივი არეულობა იყო და ათობით მოქალაქე ერთმანეთს ქვებითა და ჯოხებით დაუპირისპირდა. დაძაბულობის განმუხტვა და დაპირისპირებული მხარეების დამშვიდება სამართალდამცველებმა სცადეს, თუმცა ადგილობრივებმა პოლიციის ჯაჭვის გარღვევა რამდენჯერმე მოახერხეს.
ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა მედიის მიერ გადაღებული ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამართალდამცველები. მასალაში პოლიციის დაზიანებული ავტომობილიც ჩანს. მოცემული მომენტისთვის ადგილზე ვითარება შედარებით დამშვიდდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ერთ-ერთ ადგილობრივ მაღაზიაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რა დროსაც მფლობელმა ერთ-ერთ მკვიდრს ალკოჰოლური სასმლის ნისიად მიყიდვაზე უარი უთხრა, ეთნიკურად შერეული მოქალაქეებით დასახლებული ქალაქის ქუჩებში დღეს ადგილობრივების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ 16 მაისს დმანისში ადგილობრივები ერთმანეთს ყოფით ნიადაგზე დაუპირისპირდნენ, რაც „ჯგუფურ ძალადობაში“ გადაიზარდა.
გუშინ, ინციდენტში პოლიციის ჩარევისა და ეჭვიმატილთა გამოკითხვის ფონზე, ვითარება განიმუხტა და ღამის განმავლობაში ადგილზე სიმშვიდე იყო. შსს-ში დღეს განაცხადეს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია და „ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
შსს კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკებზე საუბრობს
დმანისის მუნიციპალიტეტი, ქალაქ დმანისის ჩათვლით, ეთნიკური ქართველებითა და აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. ზოგიერთი მედიის ცნობით, დღევანდელი დაპირისპირება ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ (წლების წინ დასავლეთ საქართველოდან დმანისში ჩასახლებული ეკომიგრანტები) შორის მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიცია და მოქალაქეები, რომლებიც გუშინდელ ინციდენტს შეესწრნენ, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებას გამორიცხავენ. თუმცა, მედიის ცნობით, მაღაზიის მფლობელი, სადაც გუშინ დაპირისპირება დაიწყო, ეთნიკურად აზერბაიჯანელია, უკმაყოფილო მომხმარებელი კი – ეთნიკურად ქართველი. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუნაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში თქვა, რომ ხელისუფლება სიტუაციის განსამუხტად მუშაობს. მანვე გააკრიტიკა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შესახებ „სპეკულაციები“, მათ შორის, მედიაში.
შსს-მ მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს „დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას“.
დღეს დმანისს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და და სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ეწვივნენ. მინისტრმა გომელაურმა განაცხადა, რომ გარკვეული „ძალები და ჯგუფები“ ცდილობენ დაპირისპირების ეთნიკურ ჭრილში გადაყვანას, რასაც საქართველოს ხელისუფლება „არ დაუშვებს“. „ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, პირველ რიგში და მეორე – აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია და ჩვენი მეგობრები არიან. ეს არ უნდა დავუშვათ, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა მან.
გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ დმანისში „ქაოსური სიტუაცია შეიქმნა ძალიან სწრაფად“, რის გამოც ადგილზე პოლიციის გაძლიერებული დანაყოფები საკმარისი არ აღმოჩნდა და სიტუაციის განსამუხტად დმანისში დამატებითი ძალების შეყვანა გახდა საჭირო.
მარნეულის სათემო რადიოს დირექტორმა, კამილა მამედოვამ „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, ხელისუფლება კონფლიქტის არა სამართლებრივი გზებით, არამედ „შინაურულად“, ადგილობრივი ავტორიტეტების, ნაცნობებისა და ნათესავების ჩართულობით ცდილობს. მისი შეფასებით, მსგავსი მეთოდით ადგილზე სიტუაცია დროებით კი დაწყნარდება, თუმცა რამდენიმე ხანში პრობლემა კვლავ „იფეთქებს“. „ნაღმზე ყოფნაა ასეთი თანაცხოვრება… თუ ჩვენ არასდროს მივხედავთ ინტეგრაციის საკითხს ასეთ დასახლებებში, ეს ყოველთვის იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა მანვე.
პოლიტიკური შეფასებები
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელისუფლება არასათანადო რეაგირებისა და თავდაპირველი დაპირისპირების შემდეგ, ვითარების გაუარესების პრევენციისთვის არასაკმარისი ზომების მიღების გამო გააკრიტიკეს.
ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები „დიდ შეშფოთებას იწვევს და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, სამოქალაქო თანხმობისთვის“. „ის, როგორც განვითარდა მოვლენები, რა განცხადებებიც გვესმის, რა განწყობაც ტრიალებს, არის უაღრესად შემაშფოთებელი“, – დაამატა მან და მოუწოდა შსს-ს და მის ხელმძღვანელობას, რომ „გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან“.
რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას შეფასებით, „არ შეიძლება“, რომ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილ პრობლემებს „მსუბუქად შევხედოთ“. „ძალიან დაძაბული ვითარებაა დმანისში, რომელიც შეიძლება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს“, – განაცხადა მან.
კრიტიკის საპასუხოდ, მმართველო გუნდში განაცხადეს, რომ საკითხის „ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების“ მიმართულებით გადაყვანა მიუღებელია.
„ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება არის მიუღებელი.“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ. „ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში მცდელობა [ხელისუფლების] ოპონენტების მხრიდან“, – დასძინა მანვე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)