დმანისის ეთნიკურმა ქართველმა და აზერბაიჯანელმა მკვიდრებმა გუშინ საღამოს გამოთქვეს მზადყოფნა, რომ დაასრულონ რამდენიმესაათიანი ქუჩის ძალადობა, რომელიც ადგილობრივ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის დმანისის საკრებულოში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებას მუსლიმი და მართლმადიდებელი ქრისტიანი სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან საუბარში, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა, რომ „კონფლიქტი ამოწურულია“ და მოუწოდა ადგილობრივებს, სახლებში დაბრუნდნენ და „იცხოვრონ მშვიდობიანად თავის მეგობრებთან, მეზობლებთან და თანამემამულეებთან ერთად“.
ქვემო ქართლის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „ჩვენ არ ვართ [კონფლიქტის] მხარეები, ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ყოფითი კონფლიქტი ამხელა რეზონანსში არ უნდა გადაიზარდოს“. „ვაგრძელებთ მრავალეროვან, მულტიკულტურულ ურთიერთობაში ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა მან.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მიესალმა შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულად გაიზიარებს სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას სტაბილური, მშვიდობიანი და თანასწორი გარემოს განსამტკიცებლად“.
ოპოზიციის გამოხმაურება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ქართული ოცნება პრობლემაზე არასათანადო რეაგირების გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი რეაქციის ნაცვლად, საკითხის მოგვარება „გუნდურ, მაფიურ სტილში“ გადაწყვიტა. „დღემდე არ ვიცით ოფიციალური განცხადება რამდენი ადამიანი დააკავეს, ვინ გამოკითხეს, ვინ მოახდინა იმ დანაშაულის ორგანიზება, ასეთი ძალადობრივი ჯგუფები ხომ თავისთავად არ ორგანიზდება?“, – დაამატა მან.
სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, დმანისის დაპირისპირების უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ეთნიკური შუღლის გაღვივებაა. მანვე ხელისუფლებას მსგავსი შემთხვევების დროს „დროული რეაგირების, რისკების შეფასებისა და პრევენციისკენ“ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- დმანისის მაღაზიაში მომხდარ ინციდენტს მასობრივი არეულობა მოჰყვა
- აზერბაიჯანის საელჩოს თქმით, დმანისის ინციდენტი ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილონ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)