პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 16-20 მაისს ბრუსელს სტუმრობს, სადაც ის უკვე შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, კლარა დობრევს და ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს, ელიან ტილიოს.
17 მაისს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის „დროული და სრულყოფილი იმპლემენტაციის“ მნიშვნელობას. „ვისაუბრეთ, რა არის ხვალინდელი გზა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ასევე ჩამოაყალიბოს „თანამედროვე ევროპული პოლიტიკური კულტურა“.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან, ელიან ტილიოსთან შეხვედრაზე, „აღინიშნა საქართველოს ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა უცხოურ ინვესტიციებზე“.
კახა კუჭავას ბრიუსელში ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ახლავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)