Site icon Civil.ge

საქართველო Freedom House-ის დეტალურ ანგარიშში

პროტესტი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, 8 ნოემბერი, 2020, ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

Freedom House-ის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში – „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2021“ – ნათქვამია, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა „უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა ქართულ დემოკრატიაზე“.

„მართალია, წინასაარჩევნო პერიოდი შედარებით თავისუფალი და კონკურენტული იყო, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ასევე ძალადობისა და პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევები არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 3.25-იდან 3.18 ქულამდე დაეცა. შესაბამისად, ქვეყანა კვლავ რჩება კატეგორიაში – „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი“.

საქართველოს საერთო დემოკრატიულობის ქულის შემცირება ორ მაჩვენებელში ქულების შემცირებას მოჰყვა – საარჩევნო პროცესის ქულა გასულ წელს არსებული 3.25-დან 3.00-მდე დაეცა, ხოლო მედიის დამოუკიდებლობის ქულა – 3.75-დან 3.50-მდე შემცირდა. ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კოდექსში შეტანილი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევებსა და ოპოზიციის მიერ მეორე ტურის ბოიკოტირებას. რაც შეეხება ქართულ მედიაგარემოს, გასულ წელს მასზე გავლენა იქონია პოლიტიკურმა ჩარევამ და პოლარიზაციამ. ამის მაგალითად, ანგარიში ტელეკომპანია „აჭარის“ თანამშრომლების გათავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას. გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებლების შემცირებას ასევე შეუწყო ხელი ახალმა კანონმდებლობამ, რომელიც კომუნიკაციების კომისიას „მაუწყებელთა საქმიანობაში ჩარევის“ უფლებას ანიჭებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „2020 წელი რთული იყო საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით“. „ქვეყნის პლურალისტურ მედიაგარემოზე გავლენა იქონია პოლიტიკურმა პოლარიზაციამ და პარტიული აფილიაციის გავლენამ“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია „აჭარაზე“ განხორციელებულმა ზეწოლამ საფრთხე შეუქმნა მის დამოუკიდებლობას და გამოიწვია ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებები, ასევე შიში ხელისუფლების მიერ მაუწყებლის ხელში ჩაგდების თაობაზე“.დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხელისუფლება ზეწოლას ახდენდა მედიაზე დამამცირებელი განცხადებებით და დამოუკიდებელ ან ოპოზიციის მხარდამჭერ მაუწყებლებს, მათ შორის,„მთავარ არხს“, „ფორმულას“ და „ტელეკომპანი პირველს“ „ყალბი ამბების“ გამავრცელებლად მოიხსენიებდა.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სათავისოდ გამოიყენა ეუთო/ოდირის ანგარიშის დადებითი შეფასება, რომლის თანახმადაც არჩევნები „კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა“. მმართველმა პარტიამ ამგვარი შეფასება წარმოაჩინა როგორც „არჩევნების საერთაშორისო აღიარება“ მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში რიგ ხაზრვეზებზეცაა საუბარი, აცხადებს Freedom House-ი.

საქართველოს სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ქულა 2.75-ზე უცვლელად დარჩა. მიუხედავად ამისა, ანგარიში აცხადებს, რომ „კრიზისი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში 2020 წელს კიდევ უფრო გაძლიერდა“. დოკუმენტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში „პროცედურული გამჭვირვალობის ნაკლებობა“ და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში არსებული ხარვეზები „კვლავ უკიდურესად პრობლემურ საკითხად“ რჩება, მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული რიგი რეფორმებისა.

ანგარიშის თანახმად, პროკურატურამ ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ რამდენიმე გამოძიება დაიწყო, რომელთაც ზოგიერთი დამკვირვებელი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მათ შორის დასახელებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეები. ანგარიშში ასევე ნახსენებია „თიბისი ბანკის“ სადავო საქმე. სახელმწიფო ინსტიტუტებს მართლმსაჯულების შერჩევით გამოყენებაში ედებათ ბრალი, რა დროსაც არ ხდება იმ სამართალდამცველების სათანადო დასჯა, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებაში არიან ეჭვმიტანილნი, ნათქვამია დოკუმენტში.

ეროვნული დემოკრატიული მმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის ქულები კვლავ 2.75-ზე დარჩა. ადგილობრივ მმართველობასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „ძალაუფლების კონცენტრაცია ცენტრალური ხელისუფლების ხელში ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობას კვლავ საფრთხეს უქმნიდა“. დოკუმენტის თანახმად, 2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია მნიშვნელოვან შეზღუდვებს შეიცავს, მათ შორის, დამოუკიდებელი მუნიციპალური შემოსავლების დივერსიფიკაციისა და სახელმწიფო ან არარეგისტრირებული ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხების ბუნდოვანების გამო.

რაც შეეხება ეროვნული დემოკრატიული მმართველობის კრიტერიუმებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ 8 ნოემბერს არჩევნების სავარაუდო გაყალბების თაობაზე ცესკოს წინ გამართული აქციის დროს პოლიციის მიერ განხორციელებული ზომები„შეფასდა როგორც არაპროპორციული და არაჰუმანური“. ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით დოკუმენტი ხაზს უსვამს რელიგიური ჯგუფების უთანასწორო მოპყრობას, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წირვების ჩატარების უფლება არ შეეზღუდა.

კორუფციის ქულა 3.50-ზე დარჩა. „კორუფცია კვლავ პრობლემად რჩებოდა საქართველოში 2020 წელს, რასაც კიდევ უფრო აღრმავებდა კოვიდ-19-ის კრიზისის მართვა, ასევე საარჩევნო კამპანია“, – ნათქვამია ანგარიშში.

Freedom House-ის თქმით, „წინასაარჩევნო პერიოდში იყო შემთხვევები, როცა სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე კონტრაქტები იმ კომპანიებმა მოიპოვეს, რომლებიც მმართველი პარტიის შემომწირველები არიან“. ამან „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს „მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა“ მიანიჭა, ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, სავარაუდო კორუფციის შემთხვევებმა „პანდემიასთან დაკავშირებული შესყიდვების რაოდენობის ზრდასთან“ ერთად იმატა, ვინაიდან სამედიცინო აღჭურვილობის და მომსახურების მიმწოდებელი ბევრი კომპანია მმართველი პარტიის დონორი იყო.

სამოქალაქო საზოგადოების ქულა 4.25-ზე დარჩა. აღსანიშნავია რომ ეს საერთო ქულის ინდივიდუალური კრიტერიუმებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აღნიშნავს რა, რომ „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 2020 წელს კვლავაც აქტიური და მრავალფეროვანი იყო“, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ „სექტორის ფინანსური მდგრადობა და საზოგადოებრივი იმიჯი მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა იმ ფონზე, როდესაც სოციალურ და პოლიტიკურ არენაზე სულ უფრო აქტიურდებოდნენ არალიბერალური ჯგუფები“.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც მათი ჩართულობა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების რიგ სფეროებში, „მათ კვლავ არ აქვთ საკმარისი გავლენა ქვეყნის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე და ცვლილებებზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)