Site icon Civil.ge

აბაშიძემ და კარასინმა ჰუმანიტარული ვითარება, ვაჭრობის საკითხი განიხილეს 

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი, ფოტო: RFERL-ის ქართული სამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ და რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 21 მაისს ერთმანეთს ვიდეოფორმატში შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის „სასწრაფო გათავისუფლების“ აუცილებლობა აღნიშნა.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა სავაჭრო ურთიერთობებში „პოზიტიურ დინამიკას“ გაუსვეს ხაზი იმ ფონზე, როდესაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20%-ით გაიზარდა.

საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის შეთანხმებას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურისვე ცნობით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების განხორციელებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაჭრობაში არსებული დადებითი ტენდენციების ფონზე, ადგილი აქვს „ღიად არამეგობრულ განცხადებებს და ნაბიჯებს“ საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან, რაც ხელს უშლის „პრაქტიკული ურთიერთქმედების გაძლიერებას“.

რუსულმა მხარემ საქართველოში მისი მოქალაქეების წინააღმდეგ „ახალი პროვოკაციების აღკვეთის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მას, სავარაუდოდ, რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის თბილისში ვიზიტის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი ჰქონდა მხედველობაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მხარეები მიესალმნენ იანვარში გამართული დისკუსიის შედეგებს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციას შეეხო და მხარეები სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად მომდევნო ნაბიჯების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

ამავე ინფორმაციით, რუსულმა მხარემ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს და 2021 წლის 11 იანვარს გაკეთებული ერთობლივი განცხადებების კონტექსტში რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების აღდგენის „შესაძლებლობებზე“ გაამახვილა ყურადღება.

მომდევნო არაფორმალური შეხვედრა 2021 წლის მეორე ნახევარში გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)