Site icon Civil.ge

ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კვლავ არ შეუშვეს

ფოტო: UNICEF/UN014961/Estey

საქართველოს სახალხო დამცველმა 19 მაისს განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელშიც 56 აღსაზრდელია, მისი ოფისის წარმომადგენლები კვლავ არ შეუშვეს. დაწესებულების თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებთან გასაუბრება არ ისურვეს და მიზეზად „ხელმძღვანელის მითითება“ დაასახელეს.

ომბუდსმენისვე განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლები ნინოწმინდის საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდნენ, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, იმაზე მიუთითებს, რომ დაწესებულებას მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაწესებულება რეგულირების სააგენტომ ორჯერ შეაფასა და აღმოჩენილ დარღვევებს შორის იყო – ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას.

ომბუდსმენმა ასევე გაიხსენა, რომ მისი ოფისის წარმომადგენლები პანსიონში 15 აპრილსაც არ შეუშევეს, რაზეც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა და სახელმწიფოს შესაბამისი მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პანსიონში არსებული მდგომარეობის შემოწმების „დაუყოვნებლივი“ უზრუნველყოფა დაავალა.

სახალხო დამცველის განცხდებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ, დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა, ეს დროებითი ღონისძიების შესრულებად ვერ ჩაითვლება, რადგან „სააგენტო არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს“.

ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფო „ფაქტობრივ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაზე“, რითაც ზრუნვაში მყოფი 56 არასრულწლოვნის „საუკეთესო ინტერესს უგულებელყოფს“.

სახალხო დამცველი შეაფასებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულების ფარგლებში სახელმწიფო უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს, მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების „არაეფექტიანობას და დაგვიანებას“. ომბუდსმენის აპარატში ასევე დაწყებულია წარმოება საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.

მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა 20 მაისს განაცხადა, რომ მათ ომბუდსმენის წარმომადგენლის კვალიფიკაციის მიმართ „სერიოზული ეჭვი“ აქვთ. მისივე თქმით, პანსიონში სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლის შეშვების პრობლემა არ არსებობს, თუმცა „უნდა დავრწმუნდეთ, რომ თანამშრომლები მომზადებულები არიან შესაბამისად“.

მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი 15 აპრილს პანსიონში პირველად არ შეუშვეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეკლესიის მისამართით „დაუბალანსებელი“ განცხადებების გამო „სახალხო დამცველს ავტორიტეტი არ ეყო იმისათვის“, რომ იგი დაწესებულაბაში შეეშვათ. „ფინანსური მხარე მოწესრიგებულია, შიგნით ბავშვების ცხოვრება უზრუნველყოფილი არის და, ზოგადად, ითვლება, რომ ძალიან კარგი პირობები აქვთ ბავშვებს“, – დაამატა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)