Site icon Civil.ge

26 მაისი საბჭოურად

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 27 მაისი, N70

დამოუკიდებლობის დღესასწაული წითელი დროშის ქვეშ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს 26 მაისს განსაკუთრებული შინაარსი და ელფერი მიეცა იმ ძალების გამო, რომლებიც სათავეში უდგანან დღეს ჩვენს ქვეყანას. პირველათ ჩატარდა ის იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოებრივი ძალაუფლება ხელთ უპყრია საქართველოს  რევოლიუციუნურ მუშებს და გლეხობას, მათ ავანგარდს კომუნისტურ პარტიას, როდესაც საქართველოს მიწა განთავისუფლებულია რუსეთის კონტრ-რევოლუციის ძალებისგან, დასავლეთ იმპერიალისტების გავლენისგან, გათავისუფლებულია იმ პარტიისგანაც, რომელიც ყავარჯენი იყო ამ ძალების და გამტარებელი ამ გავლენის.

ცხადია დღესასწაულსაც ეროვნული დამოუკიდებლობისას უნდა მიეღო და მიიღო კიდეც, ჭეშმარიტათ რევოლუციონური და სოციალისტური ხასიათის არ შეიძლება ყოფილიყო, მსგავსათ წარსული ასეთივე დღესასწაულების დროს, დემონსტრაციათ გამოთიშვისა, მოღალატური გამოცალკევებისა მეზობელ ქვეყნების რევოლუციონურ ძალებისაგან, რომელთა ხანგრძლივმა თავგანწირულმა ბრძოლამ სოციალურ და ეროვნულ განთავისუფლებისთვის უამრავ ფრონტებზე, შეიქმნა პირობები ჩვენი დამოუკიდებლობის, გამოდის დღესაც მისი განმტკიცების უძლიერეს ფაქტორათ.

ცხადია, რომ ამ გარემოებას უნდა აემხედრებია წელს 26 მაისის დღესასწაულის წინააღმდეგ ყველა ის ძალები, რომლებმაც სასტიკი დამარცხება იგემეს თებერვლის გადატრიალების გამო. ეს იყო მიზეზი იმ გააფთრებული კამპანიის, რომელსაც ეწეოდნენ ჩვენი 26 მაისის წინააღმდეგ ყველა ბურჟუაზიული კონტრ-რევოლუციონური, ყველა შოვინისტური ელემენტები მენშევიკების და რამოდენიმეთ სოციალ-ფედერალისტების მეთაურობით. მათი აშკარა მიზანი იყო საბოტაჟი ოცდა ექვსი მაისის დღესასწაულის, ამისთვის ისინი არ დაერიდნენ არაფერს და შეიარაღებულნი თავის ჩვეულებრივი დემაგოგიისა და ტყუილების ხმალ-კაპარჭით, პარალელურათ დღესასწაულის ჩვენ სამზადისთან, ამზადებდენ ისინიც ამ საბოტაჟს.

მათი ორგანიზაციები ძალზე დაცარიალებულია, მათი პოლიტიკური ფრთებიც საგრძნობლათ შეკვეცილი, (მარა მათ განკარგულებაში მოიპოვება კიდევ დღესაც საკმაო აგენტურა მეჭორეობისა და ცილის წამების, რომ გაევრცელებიათ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურათ მივარდნილ ჯურღმულებში ხმები იმის შესახებ, თითქოს ამ დღეს ბოლშევიკები ამზადებდნენ რეპრესიებს ვიღაცის წინააღმდეგ [1921 წლის 20-21 მაისს სოციალ-დემოკრატთა მოსალოდნელი დემონსტრაციის თავიდან აცილების მიზეზით დააპატიმრეს დამფუძნებელი კრების წევრები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომ მოხდებოდა რაღაც მღელვარება და უწესობები თფილისში.

მშრომელთა გაუვალი რაზმები წითელი დროშებითა და ნამგლისა და ჩაქუჩის ემბლემებით ხელში, რომლებითაც გაიჭედა ქალაქის ცენტრალური ქუჩები ამ დღეს, კიდევ ზედმეტი მაჩვენებელი იყო იმის, რომ ბნელი ძალების მიერ შექმნილი შოვინისტური ბურუსი იფანტება, რომ საქართველოს მშრომელმა ხალხმა კარგი ხანია მიაგნო გზას თავის სოციალური და ეროვნული გათავისუფლების, გზა თავის საბოლოო გამარჯვებისა. ხალხის მტრების კიდევ ერთი ცდა დათავდა მათი დამარცხებით. რევოლუციონური მშრომელი მასები თავის პარტიისა და მთავრობის მეთაურობით მოახერხებენ ამ მტრების საბოლოოთ დასამარებას.


1921 წლის 26 მაისის საბჭოთა პროპაგანდისტულ აქციას, თბილისში მოსახლეობის უმრავლესობამ ბოიკოტით უპასუხა და ქუჩაში არ გავიდა, რეგიონებში კი საპროტესტო დემონსტრაციებიც გაიმართა, რომელიც ჩეკისტებმა და წითელი არმიის რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაშალეს და დემონსტრანტები დაჭრეს, რამდენიმე მოკლეს და მასობრივი დაპატიმრებები მოაწყვეს. 26 მაისის მოვლენებმა რეგიონებში ფაქტობრივად დაასრულა საოკუპაციო რეჟიმის რბილი პოლიტიკის მთავარი ეტაპი. მიდგომა უფრო მკაცრი და ხისტი გახდა. მომდევნო, 1922 წლის დასაწყისში 26 მაისის აღნიშნვნა აიკრძალა და „საქართველოს ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის“ დღედ 25 თებერვალი გამოცხადდა. 1922 წელსვე დასრულდა საუბარი „საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობაზე“. „საბჭოთა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა“ სულაც გააუქმეს და ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციის ნაწილად აქციეს.