ქვეყნის ეროვნული გმირისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი დღეს მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონია სიმბოლურად 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 103-ე წლისთავს დაემთხვა.
საქართველოში გენერალ კვინიტაძის ნეშტი 22 მაისს საფრანგეთიდან გადმოასვენეს. საქართველოს პირველი რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად, გენერალი კვინიტაძე 1921 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში მას შემდეგ წავიდა, რაც საბჭოთა რუსეთმა რესპუბლიკა დაიპყრო. კვინიტაძის პანაშვიდები ხუთი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა.
სამების საკათედრო ტაძარში გამართულ პანაშვიდზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ დღეს 1921 წლის პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლებისთვის „ისტორიული“ უწოდა.
„სიმბოლურია, რომ ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ შვილს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის უკანასკნელ და ყველაზე ძლიერ მთავარსარდალს ხვდება ემიგრაციის შვილი, საქართველოს დღევანდელი უმაღლესი მთავარსარდალი და პრეზიდენტი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ბოლშევიკურმა არმიამ თბილისი დაიკავა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)