Site icon Civil.ge

მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

სამხედრო თვითმფრინავებმა თავისუფლების მოედნის თავზე თბილისის დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს, 26 მაისი, 2021, ფოტო: თავდაცვის სამინისტროს Twitter-დან

უცხოური ქვეყნების პირველმა პირებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103-ე წლისთავი მიულოცეს.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო მეთაური იყო, რომელიც დღეს თბილისს სტუმრობდა, თავისუფლების მოედანზე განაცხადა, რომ „ჩვენი ერთობა და სოლიდარობა წინ უნდა აღუდგეს ნებისმიერ იმპერიალისტურ მარშს“.

„პოლონეთი და პოლონელები ყოველთვის იქნებიან საქართველოს სანდო მოკავშირე, მოკავშირე, რომელიც ყველა თავის შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა საქართველოს გვერდით იდგეს და ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში“, – განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ და დასძინა, რომ “გაერთიანებულ ევროპასა და ნატოში საკმარისი ადგილია აღმოსავლეთ ევროპიდან ჩვენი მეგობრების მისაღებად, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მისაღებად“.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლის დღეს მილოცვა აშშ-ის პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან მიიღო. პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მის გვერდით დგას.

დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთო ღირებულებებს ეყრდნობა. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნისა და სრულფასოვანი პარლამენტის უზრუნველყოფის გზაზე“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელისაბედ მეორემ საქართველოს მოსალოცი ბარათი გამოუგზავნა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. „საქართველომ შეძლო, დაემტკიცებინა დამაჯერებელი სვლა დემოკრატიის, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისა და რეფორმების გაგრძელების გზაზე“, – წერს მაკრონი.

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „ჩვენი სახელმწიფოთაშორისი, მდიდარი ტრადიციების მქონე ურთიერთობების მასშტაბი კიდევ უფრო ფართოვდება და დღეს სტრატეგიულ პარტიორობად ფორმირდება“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩემი ქვეყანა არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციას“. „საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თურქეთის პრეზიდენტმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა მიულოცეს.

ისლანდიის პრეზიდენტმა გუდნი იოჰანესონმა, ასევე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და ოფიციალურმა პირებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე Twitter-ზე მიულოცეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო:

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

პარაგვაის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება ადვილად არ მოიპოვება, მაგრამ მათთვის ბრძოლა ღირს. „ამ ბრძოლაში თქვენ მარტო არ ხართ“, – დასძინა მან.

კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიკსერმა განაცხადა, რომ „საქართველო ევროპაა“.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 აპრილს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ დაკარგა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)