ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 ივნისი, N2
საქართველოს ამბები
26 მაისი.
ბოლშევიკებს დიდი მზადება ქონდათ ამ დღისთვის. ეშინოდათ ხალხის აჯანყების. ყველგან დაგზავნეს ცირკულიარები (N374), რომელნიც განკარგულებას აძლევდენ სასტიკი ზომები მიეღოთ წესრიგის გარეშე გამოსვლის წინააღმდეგ, თუ ესეთი რამ მოხდებოდა ყველა მილიციელს, და ყველა კომუნისტს უფლება ეძლეოდა იარაღისთვის მიემართა.
ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს თვით ედღესასწაულათ 26 მაისი, როგორც განთავისუფლების დღე საქართველოსი. მაგრამ წინასწარ გააუქმეს დეკრეტით საქართველოს დროშა და ემბლემა [გერბი], რომელიც შეცვალეს რუსულ წითელ დროშით და ნამგალ-ჩაქუჩით [უროთი].
ხალხმა ეს ცვლილება არ მიიღო და დღესასწაულში მონაწილეობაზე უარი სთქვა. მით უმეტეს, რომ ეშინოდათ ბოლშევიკურ პროვოკაციის და სისხლის ღვრის. და აი ქალაქებში: თფილისში, ქუთაისში და ბათომში და სხვაგან ბოლშევიკების 26-მა მაისმა კარიკატურული, „კაზიონი“ სახე მიიღო. მას დაესწრნენ მხოლოდ სპეკულიანტები და ჩინოვნიკები, რომელთაც ნაბრძანები ქონდა დასწრება. თფილისში სადღესასწაულოთ არავინ გამოსულა ქართველთაგანი.
ამ დღეს დანიშნული იყო რუსთაველის ძეგლის გახსნა, მაგრამ მასაც სულ დიდი 100 კაცამდე თუ დაესწრო, მეტი არა. ამათაც გულგრილათ მოისმინეს ფილიპე მახარაძის „ორატორობა“ და ოვაციებით შეხვდნენ მხოლოდ „დიდებას“, ქართულ ეროვნულ ჰიმნს, რომლის მღერის ნება დაერთოთ ლოტბარისთვის. ხალხმა იქ ქუდმოხდილი მოისმინა და სამჯერ გაამეორებინა… ამრიგათ ბოიკოტმა პირდაპირ დემონსტრაციული ხასიათი მიიღო.
სოფლებში ზოგიერთგან ხალხი ესწრებოდა კომუნისტების მიტინგებს უფრო ცნობისმოყვარეობით. ზოგან კი შეეცადენ ქართული დროშებით გამოსვლას.
ასეთი გამოსვლას ქონდა ადგილი ოზურგეთში, სადაც 8 სოფელმა მოიყარა თავი ეროვნული დროშებით. კომუნისტებმა სცადეს დროშის წართმევა, მაგრამ ხალხის აღელვებამ შეაკრთო ისინი და დროშა უკან დაუბრუნეს მიტინგზე ილაპარაკა სოციალ-დემოკრატმა გიორგი მურვანიძემ [დამფუძნებელი კრების წევრი და ოზურგეთის ყოფილმა ქალაქის თავი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რომლის სიტყვა ხალხმა ოვაციით და ყვავილების თაიგულებით დაფარა. შედეგი: დაიჭირეს მურვანიძე და 15 კაცამდე სხვები [დააკავეს 5 ივნისს – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
ლანჩხუთში ხალხმა პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად წინდაწინვე აყარა იარაღი მილიციას და მხოლოდ მიტინგის შემდეგ დაუბრუნა უკან. მიტინგი ქართული დროშებით იყო დაფარული.
ასეთივე გამოსვლას ქონდა ადგილი სიღნაღში. იქაური ს.-დემ. მეთაურობით ამ დღეს გამოიტანეს ქართული დროშა და ასე ბოლშევიკური დღეობა საქართველოს დღესასწაულათ აქციეს. შედეგი აქაც დაპატიმრება მრავალი მოწინავე პირის,
ხალხმა ამ დღეს აშკარათ სთქვა, რომ მას სწამს მაისი, მაგრამ არ სწამს ბოლშევიკები – მათი არც ავი უნდა არც კარგი.
This post is also available in: English (ინგლისური)