Site icon Civil.ge

შვეიცარიამ ევროკავშირთან მოლაპარაკება შეწყვიტა

შვეიცარია და ევროკავშირი მეგობრულად, მაგრამ მაინც ვერ შეთანხმდნენ... ფოტო: შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი და ევროკომისიის მაშინდელი თავმჯდომარე 2016 წელს, მოლაპარაკების დასაწყისში.

რაო, რაო?!

შვეიცარია 2014 წლიდან ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულების დადებას. 2018 წლიდან ხელშეკრულების სრული ტექსტი მზადაა და განხილვის საგანია. გასულ ოთხშაბათს, ბერნმა და ბრიუსელმა თეთრი ალამი გამოფინეს – ვერ ვთანხმდებითო.

ვითომ რატომაო?

ძირითადად ორი საკითხი შეიქნა განხეთქილების მიზეზი:

კიდევ რაო?

შვეიცარია ასევე ჭოჭმანობდა დინამიური საკანონმდებლო თავსებადობის პრინციპის აღიარებაზე.

ეს რაღაა?

ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმებით შვეიცარია ევროკავშირის არა მხოლოდ მიმდინარე სავაჭრო და სამრეწველო რეგულაციებს აღიარებდა, არამედ მომავალსაც. ამ გზით ბიზნესი და მოსახლეობა უფრო ადვილად განჭვრეტს მომავალსო, ამბობს ევროკავშირი და თანაც, შესაძლო დავები ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოში გაირჩევაო. შვეიცარიის აზრით, ეს ზედმეტად შეზღუდავდა ქვეყნის სუვერენიტეტს.

ანუ ბერნი და ბრიუსელი უბრად არიან?

არა. ეს შეუძლებელიცაა. ამჟამად შვეიცარიაში ევროკავშირის 1.4 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირში კი შვეიცარიის 400 ათასი მოქალაქე იმყოფება. შვეიცარია ევროკავშირის სიდიდით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია ჩინეთის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.  ევროკავშირის ექსპორტის 6.9 % და იმპორტის 5.7 % სწორედ შვეიცარიას ეკუთვნის. შვეიცარიის ექსპორტის დაახლოებით 42 % და იმპორტის 50 % ევროკავშირზე მოდის.

ბერნსა და ბრიუსელს 1972 წლიდან მოყოლებული 120 ხელშეკრულება აკავშირებს. ვაჭრობის მომწესრიგებელი შეთანხმებების უმრავლესობა 1999 წელს შევიდა ძალაში და თავისუფალ გადაადგილებას, საჯარო შესყიდვებს, სოფლის მეურნეობას, კვლევებს და სამოქალაქო ავიაციას ეხება. ყველა ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება.

თუმცა, ახალი ჩარჩო ხელშეკრულების მიუღებლობა შვეიცარიას ევროპის ეკონომიკური სივრცის ბაზარზე წვდომას  შეუზღუდავს და რაც დრო გავა – სულ უფრო შეიძლება დაშორდეს შვეიცარია ევროკავშირის ახალ პროგრამებს, მათ შორის კავშირისთვის შედარებით ახალ, ჯანდაცვის სფეროში.

კიდევ ვის აღელვებს ეს ამბავი?

პირველ რიგში დიდ ბრიტანეთს, რომელსაც ახლაღა მოუწევს თავისუფალი ვაჭრობის სისტემის აწყობა ევროკავშირთან. შვეიცარიასთან ბრიუსელის მოლაპარაკების მარცხმა აჩვენა, რომ ეს არც ისე ადვილია. წარუმატებლობა ალბათ ასევე დააშოშმინებს ზოგიერთ პოლიტიკოსს ნორვეგიაში, რომლებსაც ევროპის ეკონომიკური სივრციდან გამოსვლა სურთ და ამბობენ, პირისპირ საუბრით ევროკავშირთან უფრო სარფიან ხელშეკრულებას გავაფორმებთო.