Site icon Civil.ge

ირაკლი კობახიძე: ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას „არავითარი ღირებულება არ აქვს“

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფოტო: facebook.com/KobakhidzeOfficial/

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოს „ფუნქციონირებისათვის არავითარი ღირებულება არ აქვს“.

მან ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პარტიას „არ აქვს არავითარი რესურსი, დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებაში რაიმე დადებითი წვლილი შეიტანოს“.

კობახიძის თქმით, შეთანხმების ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ „ეს პარტია კვლავაც არ აღიარებს და პატივს არ სცემს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“.

აღნიშნა რა, რომ ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას „ლოგიკური შედეგები“ ექნება, კობახიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას ვერ მიიღებს ვერცერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც „შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი, ან მომავალში შეიქმნება“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ ისარგებლებს ვერცერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს, თუ „მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება“.

„დარწმუნებულნი ვართ ნაციონალურ მოძრაობას საბოლოოდ ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა“, – დასძინა მან.

პოლიტიკოსების გამოხმაურება

პარტია ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას შეთანხმებაზე ხელის არმოწერის თაობაზე და აღნიშნა, რომ შეთანხმების კონკრეტული შედეგები ნაციონალურ მოძრაობაზეც ბუნებრივად ვრცელდება, ხოლო თავად პარტია „ამ შეთანხმების შესრულებაზე ხელმოწერით პასუხისმგებლობას არ იღებს“.

პარტია სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ასევე გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობა „ორმაგი სტანდარტების“ გამო და აღნიშნა, რომ პარტიამ ჯერ მწვავედ გააკრიტიკა პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები, ხოლო საკუთარი შესვლა საკანონმდებლო ორგანოში „გმირულ“ ნაბიჯად წარმოაჩინა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობა შეცდომას უშვებს და ხელს არ აწერს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ჩვენ შევთანხმდით და დავიწყეთ საპარლამენტო მუშაობა“, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედავს.

წინაისტორია

ნაციონალურმა მოძრაობამ 30 მაისს განაცხადა, რომ შვიდთვიან ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის, თუმცა ევროკავშირის მედიაციით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, სავარაუდოდ, შეთანხმების ამნისტიასთან დაკავშირებული პუნქტის გამო. მოგვიანებით, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა და აღნიშნეს, რომ „ეს კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ“. მათვე „მწუხარება“ გამოხატეს იმის გამო, რომ პარტია 19 აპრილის შეთანხმებას არ შეუერთდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)