Site icon Civil.ge

ჭიათურელები შიმშილობას აშშ-ის საელჩოს წინ განაგრძობენ 

შუქრუთის მკვიდრების პროტესტი თბილისში ამერიკის საელჩოს სიახლოვეს, 30 მაისი, 2021, ფოტო: კადრი ტელეკომპაინა „ფორმულას“ ვიდეოდან

ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებიც 104 დღეა საპროტესტო აქციას იმის გამო მართავენ, რომ მადნის მოპოვებითმა სამუშაოებმა მათი სახლებისა და ხეხილის ბაღების განადგურება გამოიწვია, 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლეს და შიმშილობის აქცია აშშ-ის საელჩოს წინ განაგრძეს.

შუქრუთის ერთ-ერთი მკვიდრის, გიორგი ნეფარიძის განცხადებით, რომელმაც პროტესტის ნიშნად პირი ნახევრად ამოიკერა, მათ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გულთან მიიტანს მათ „გასაჭირს“, ვინაიდან არც ადგილობრივ, არც ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პროტესტი არ აინტერესებს.

ნეფარიძის თქმით, ბევრი მათგანი ხედავს, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს აშშ-ის ელჩის შეხედულებებს.

პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათ საელჩოს სიახლოვეს კარვების დადგმის უფლება არ მისცეს, ამიტომ მზეზე უწევთ ყოფნა. თუმცა, მათ პირობა დადეს, რომ იქ დარჩებიან, სანამ ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესასრულებლად აქტიურ ნაბიჯებს არ გადადგამს, ან სანამ „არ დავიხოცეებით“.

20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შუქრუთის აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა დაიწყო, რათა ადგილობრივ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ არსებული დავის მოგვარებაში დასახმარებლად ხელისუფლების ყურადღება მიეპყრო. 11 მაისიდან მოყოლებული ჯამში პირი აქციის რვა მონაწილემ ამოიკერა, მათ შორის, სამი ქალია.

ადგილობრივები მოპოვებითი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში ადანაშაულებენ და საკუთარი ქონების ღირებულების შესაბამისად სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რომელსაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კანონის ფარგლებში შეაფასებს, ასევე ხელშეკრულების გაფორმებას მათ და კომპანიას შორის სახელმწიფოს ჩართულობით და აქციის მონაწილეთა „უკანონო“ დევნის შეწყვეტას.

20 მაისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ ის მზადაა სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობის შესახებ ადგილობრივთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ „ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“. კომპანიას და პროტესტის მონაწილეებს საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)