შერეული საბრძოლო ხელოვნების ცნობილი დაღესტნელი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ გაუქმდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მას სანქციებით დაემუქრნენ. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. ნურმაგომედოვი გეგმავდა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩაეტარებინა და აფხაზეთის ხელმძღვანელ პირებს შეხვედროდა.
„აფსნიპრესი“ ნურმაგომედოვის მენეჯერის, რიზვან მაგომედოვის სიტყვებზე დაყრდნობით 29 მაისს წერდა, რომ 1 ივნისს დაგეგმილი ვიზიტი მას შემდეგ გაუქმდა, რაც სპორტსმენზე აშშ-ის და საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესების თაობაზე ზეწოლა განხორციელდა და მას ამერიკული ვიზის გაუქმებით დაემუქრნენ. მენეჯერმა ასევე აღნიშნა, რომ ნურმაგომედოვს ასევე დაემუქრნენ, რომ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) სპორტულ საქმიანობას შეუზღუდავდნენ და აშშ-ში კონტრაქტებს გაუუქმებდნენ.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ჯგუფმა „არუაამ“ მოუწოდა „ჩრდილოეთ კავკასიის მოძმე ხალხებს, განსაკუთრებით სპორტსმენებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს მსოფლიოში“, რომ ხმა აიმაღლონ თბილისის „ცინიზმისა და გაიძვერობის“ წინააღმდეგ.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა 2008 წელს მიიღო, რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ოფიციალური თბილისის ნებართვის გარეშე შესვლას კრძალავს. ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს ჰქონდა უფლება კანონიერად მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც ნურმაგომედოვის დამსაქმებელი ქვეყნისთვის, რომ რუსი სპორტსმენისთვის შესაბამისი შეზღუდვები დაეწესებინა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)