Site icon Civil.ge

PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრები – ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი), ასევე კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი 2-3 ივნისს საქართველოს სტუმრობენ, სადაც ისინი უკვე შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კუჭავასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებაზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის მნიშვნელობას.

ამავე ინფორმაციით, PACE-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ასამბლეის დამკვირვებლები აქტიურად დააკვირდებიან მომავალ ადგილობრივ არჩევნებს.

ასევე 2 ივნისს, PACE-ს წარმომადგენლები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს და მის მოადგილეებს – დავით მათიკაშვილს და რატი იონათამიშვილს შეხვდნენ. ოხანაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელეს და დასძინა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის მიზანია, ახალი კოდექსი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანამდე მიიღოს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, PACE-ს წარმომადგენლები დღესვე ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ, მათ შორის, ქართული ოცნების დეპუტატებს ირაკლი ჩიქოვანს, გივი მიქანაძეს, თამარ ტალიაშვილს, მოქალაქეებიდან დეპუტატ ლევან იოსელიანს და ევროპელი სოციალისტებიდან დეპუტატ ფრიდონ ინჯიას. ქართველმა დეპუტატებმა მათ „ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასასრულის თაობაზე“ ინფორმაცია მიაწოდეს.

ხვალ PACE-ს წარმომადგენლები შეხვდებიან ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით სონღულაშვილს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს – ზურაბ ჯაფარიძეს პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლება“, გიორგი ვაშაძეს „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ხათუნა სამნიძეს რეპუბლიკური პარტიიდან და დამოუკიდებელ დეპუტატს, დავით ბაქრაძეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)