Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, 1 ივნისი, 2021, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-ის გვერდიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1 ივნისს სამუშაო ვიზიტით ანკარას ესტუმრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

თურქეთში პრემიერ-მინისტრთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე.

თურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „განგებამ ისე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სამი სახელმწიფო – აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ვართ ურთიერთდამოკიდებული, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, პარტნიორობა და რაც მთავარია – მეგობრობა“.

მისი თქმით, სამ ქვეყანას შორის არსებობს „ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში“. მან რამდენიმე ერთობლივი პროექტი გაიხსენა, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა და სამხრეთ კავკასიური მილსადენი.

ხაზი გაუსვა რა, რომ თურქეთი ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს „ყველა ფორმატში“, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილა.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ბოლო 14 წელია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მისი თქმით, 2020 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გარკვეული შემცირების მიუხედავად, მათ გამიზნული აქვთ 3 მილიარდი აშშ დოლარის სავაჭრო ბრუნვას მიაღწიონ. მანვე დასძინა, რომ ორი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების საკითხს განიხილავს.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარას მიაჩნია, რომ თბილისი მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ თანამშრომლობაში. ამ კუთხით, მან აზერბაიჯანთან სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ, თურქეთი, მხარს ვუჭერთ ყველანაირ სამმხრივ თანამშრომლობას, იქნება ეს საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთი თუ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი“, – იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ერდოღანის სიტყვებზე დაყრდნობით.

გამოხატა რა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების მიმართ, პრეზიდენტმა ერდოღანმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტის სურვილს გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის ინვესტიციები საქართველოში, მათ შორის, ენერგოსექტორში, 214 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ რამდენიმეთვიანი პროტესტის ფონზე გაიმართა. როგორც ცნობილია, პროექტის მთავარი ინვესტორია თურქული კომპანია ENKA Insaat ve Sanayi A.S. თუმცა, შეხვედრის დროს ორ ლიდერს ნამახვანჰესის საკითხი არ უხსენებიათ.

პრესკონფერენციაზე თურქეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა თანამშრომლობაზე ტერორიზმის წინააღმდეგ და ყურადღება გაამახვილა გიულენის მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტულ ორგანიზაციად (FETÖ) მიიჩნევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)