საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საელჩო ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეთა შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც „მათ დაეხმარებიან და იმუშავებენ მათ საკითხებზე“.
მისივე თქმით, საელჩოს ადამიანის უფლებათა სამსახური გუშინ ესაუბრა პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც საელჩოს წინ აქციას მართავდნენ, რათა მათი წუხილები მოესმინა, რომელთა შორისაა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების შედეგად მათი სახლების დაზიანება.
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები „პირდაპირ როლს“ არ თამაშობს დავაში, მას შეუძლია „დამაკავშირებელი როლი“ შეასრულოს. „გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი [პროტესტის მონაწილეები] კარგად არიან და რომ მათი წუხილები მოისმინეს“, – დასძინა ელჩმა.
ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მკვიდრებმა, რომლებიც 100 დღეზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ, 30 მაისს თბილისში გადმოინაცვლეს და შიმშილობის აქცია აშშ-ის საელჩოს წინ განაგრძეს. მედიის ინფორმაციით, 11 მაისიდან მოყოლებული ჯამში პირი აქციის რვა მონაწილემ ამოიკერა, მათ შორის, სამი ქალია.
შუქრუთის მკვიდრმა გიორგი ნეფარიძემ განაცხადა, რომ მათ იმედი აქვთ, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გულთან მიიტანს მათ „გასაჭირს“, ვინაიდან არც ადგილობრივ, არც ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პროტესტი არ აინტერესებს. ნეფარიძის თქმით, ბევრი მათგანი ხედავს, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს აშშ-ის ელჩის შეხედულებებს.
ადგილობრივები მოპოვებითი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას მათი საცხოვრებელი გარემოს განადგურებაში ადანაშაულებენ და საკუთარი ქონების ღირებულების შესაბამისად სამართლიან კომპენსაციას ითხოვენ, რომელსაც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კანონის ფარგლებში შეაფასებს, ასევე ხელშეკრულების გაფორმებას მათ და კომპანიას შორის სახელმწიფოს ჩართულობით და აქციის მონაწილეთა „უკანონო“ დევნის შეწყვეტას.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მცდელობა, რომ გაფიცულებთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს, ჯერჯერობით წარუმატებელია, ვინაიდან ის მზადაა მათი მოთხოვნა მხოლოდ იმ პირობით დააკმაყოფილოს, თუ „ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება“.
ასევე წაიკითხეთ:
- ჭიათურელები შიმშილობას აშშ-ის საელჩოს წინ განაგრძობენ
- ადგილობრივების პროტესტის ფონზე „ჯორჯიან მანგანეზი“ დათმობებზე საუბრობს
- ომბუდსმენი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)