19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა – 3 ივნისს პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია – „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ შექმნა.
ახალ ფრაქციას რესპუბლიკელი ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე იქნება. ფრაქციის სხვა წევრებს შორის ასევე არიან – სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატები – გიორგი ვაშაძე და თეონა აქუბარდია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე; ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი ტარიელ ნაკაიძე და გირჩი-მეტი თავისუფლების დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.
ფრაქციის პრეზენტაციისას, ხათუნა სამნიძემ ხაზი გაუსვა, რომ ისინი ქვეყანაში რეფორმების გატარებასა და 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებაზე იმუშავებენ.
„ჩვენ ვიქნებით ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში“,- თქვა სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ და დაამატა, რომ ფრაქციას „ყველა კვირაში“ ახალი ინიციატივა ექნება. პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით კი – ფრაქცია დეპუტატებს „უფრო ეფექტიანად“ მუშაობაში დაეხმარება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მოცემული მომენტისთვის ფრაქციის შესაქმნელად 7 დეპუტატია საჭირო, თუმცა ევროკავშირის მედიაციის მიღწეული შეთანხმებით კანონმდებლების რაოდენობა 4-მდე უნდა შემცირდეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)