რაო?
აშშ ხაზინის დეპარტამენტმა სამი გავლენიანი ბულგარელი და მათთან დაკავშირებული 64 იურიდიული პირი დასაჯა კორუფციისთვის.
ამის შესახებ განცხადება და იურიდიული დოკუმენტი ინგლისურად აქაა.
რა უფლებით?
2017 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა “ადამიანის უფლებების დაღვევებისათვის პასუხიმგებლობის გლობალური აქტი”, რომელსაც ასევე “მაგნიტსკის გლობალურ აქტს” უწოდებენ, რისი ძალითაც უფლებას იტოვებენ მსოფლიოში ნებისმიერ წერტილში ადამიანის უფლებების მასიური დარღვევებისა და კორუფციისათვის სანქციებით შეუტიონ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს.
ვინ დასაჯეს ამჟამად?
- ვასილ ბოჟკოვი, სათამაშო სახლების მფლობელი, ოლიგარქი.
- დელიან პეევსკი, მედია მოღული და ყოფილი დეპუტატი.
- ილკო ჟელიაზკოვი, სადაზვერვო აპარატურის კონტროლის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილი მოადგილე.
- … და მათთან დაკავშირებული ქსელები: პიროვნებები და ორგანიზაციები.
რა მიზეზით?
ბოჟკოვს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მოსყიდვა ბრალდება, მათ შორის მთავრობის მეთაურის და აზარტული თამაშების რეგულირების სააგენტოს უფროსისა. მასვე ბრალდება მთავრობის და “ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის” მოსყიდვის მცდელობა წლის დასაწყისში, რათა რუსეთისთვის არჩევნებზე გავლენის გზა გაეხსნათ. პეევსკის საკუთარი თავისა და ბიზნესის საჯარო ანგარიშვალდებულებისაგან დასაცავად სადეპუტატო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამავე პოსტის წყალობით შეღავათების მიღება და ქრთამების გაცემა ბრალდება. პეევსკისვე ბრალდება ჟელიაზკოვთან ერთად უცხოეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში ბინადრობის მოწმობების უკანონო გაცემა, ხოლო ჟელიაზკოვს – სამთავრობო მოხელეებისთვის მოქრთამვა, ამ კორუფციული სქემის მუშაობის და საიდუმლოების უზრუნველსაყოფად. იგივე პირებთან ერთად კავშირში დაისაჯა პეტარ ჰარლამპიევიც, რომელიც საკვანძო როლს თამაშობდა ათასობით უცხოელისათვის ბულგარული პასპორტების 5000 ევროდ მიყიდვაში.
რა სასჯელი დაეკისრებათ?
ამ სიაში მოხვედრილი პირებისა და ორგანიზაციების ანგარიშები და აქტივები აშშ-ში გაიყინება და მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ.
ბულგარეთში რა ხდება?
ბულგარეთში ამჟამად სამთავრობო კრიზისია. ქვეყანას მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა მართავს, რომელიც მთავრობის ყოფილი მეთაურის, ბოიკო ბორისოვის საქმეს იძიებს – მათ შორის ოპოზიციის მოსმენებისა და კორუფციის მხრივ. ერთ-ერთი სამიზნე მთავარი პროკურორი ივან გეშევია, რომელიც სწორედ სანქცირებული ბოჟკოვისა და პეევსკის კაცია. ბოჟკოვი დუბაიში იმალება და 11 ივლისის საგანგებო არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა წარსულ, 4 აპრილის არჩევნებში მხოლოდ 2.95% მიიღო. დიდი მიტინგები იმართება სოფიაში პროკურორის გადადგომის მოთხოვნით.
რა აღელვებს ამერიკას?
ვაშინგტონი შიშობს, რომ ბულგარეთში კანონიერების სისტემის მოშლა და იქ გამეფებული კორუფცია უსაფრთხოების მხრივ სერიოზულ საფრთხედ იქცა როგორც ევროპის, ისე აშშ-სა და ნატოსათვის. ბულგარული პასპორტების გაყიდვის საქმეზე ამერიკამ რამდენჯერმე ადრეც გააფრთხილა სოფია, სახიფათო ადამიანებს უხსნით ევროპის კარსო – განსაკუთრებით რუსეთს სპეცსამსახურებზე იყო საუბარი. ნიშანდობლივია, რომ ჩეხეთში რუსეთის აგენტების მიერ იარაღის საწყობების აფეთქების საქმის კუდებიც ბულგარეთისკენ მიდოდა. ბულგარელი ანალიტიკოსები “ადგილობრივ მაფიაზე დარტყმად” აფასებენ აშშ-ს ამ ნაბიჯს.
ჩვენ რატომ უნდა გვაღელვებდეს?
ბოლო ხანებში აშშ და ნატო შავიზღვისპირეთში გააქტიურებას სერიოზულად ფიქრობენ. ევროპაში რუსეთის აგენტების მიერ მკვლელობებისა და შპიონაჟის სერიის გამოვლენის შემდეგ, ჩანს, დასავლელი მოკავშირეები ცდილობენ რუსულ დაზვერვას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ფეხი ამოუკვეთონ. აფეთქებების საქმეზე პრაღაში რუსეთის საელჩოს ფაქტიური დახურვით, მცოდნე ხალხის ცნობით, რუსული დაზვერვის ცენტრი მოიშალა. კორუფცია და კანონიერების სისტემის მოშლა ის კარია, საიდანაც რუსული გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში ფეხს იკიდებს და ბულგარეთში ერთმანეთთან გადაჯაჭვული პოლიტიკის, მედიისა და ოლიგარქების ჯაჭვზე ეს დარტყმაც ამ სურათში ჩაეწერება.