Site icon Civil.ge

ტელეკომპანია „იმედი“ გიორგი გახარიას უტევს 

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია, ფოტო: გიორგი გახარიას Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა 3 ივნისს განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამდე „ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს“.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გახარიამ 31 მაისს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ტელეკომპანია „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. ყოფილმა პრემიერმა მაშინ „იმედი“ და „პოს ტვ“ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი მის შეხვედრას ჟურნალისტებთან არ დაესწრნენ. ამასთან, მან „იმედს“ იმის გამოც უსაყვედურა, რომ ტელეკომპანიამ მისი ახალი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ფართოდ არ გააშუქა.

ლალიაშვილმა ყოფილი პრემიერის ბრალდებებს „უსაფუძვლო თავდასხმა“ უწოდა და 2007 წელს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს „იმედის“ დარბევის ფაქტი გაიხსენა. მან ხაზი გაუსვა, რომ „„იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას“.

„იმედის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ გახარიას მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ მოვლენად არ მიიჩნია. მანვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრის ამგვარი ფორმატი „გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში“, ხოლო „ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)