Site icon Civil.ge

უკრაინის პრემიერმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, ფოტო: kmu.gov.ua

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის, შემდეგ საქართველოში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე ორი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს“.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერები არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ასევე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ესწრებოდნენ.

უკრაინის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, პრემიერმა შმიგალმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების დასაძლევად სანქციების პოლიტიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მოუწოდა საქართველოს „ყველა ღონეს“ მიმართოს „ნორდ სტრიმ 2“-ის მშენებლობისთვის დაკისრებული სანქციების შემსუბუქების პრევენციისთვის.

„ამ პროექტის დასრულება საფრთხეს უქმნის, როგორც უკრაინას, ისე ევროპას“, – განაცხადა დენის შმიგალმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს კიევის ინიციატივის – „ყირიმის პლატფორმის“ – მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინის დედაქალაქში 2021 წლის აგვისტოს ამავე სახელწოდების სამიტზე უნდა ამოქმედდეს და რომელიც ყირიმის დეოკუპაციისკენ არის მიმართული.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, კათოლიკოს პატრიარქთან, ილია II-სთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაფართოებაზე იმსჯელეს.

პრემიერმა შმიგალმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს განვითარების საერთო ისტორია აქვთ. მანვე ორი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის სულიერი და რელიგიური კომპონენტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ეჭვგარეშეა, რომ ამ მიმართულებით ერთად უნდა ვიმოქმედოთ“, – დაამატა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

4 ივნისს გამგზავრებამდე, დენის შმიგალს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა უმასპინძლა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოში 3 ივნისს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი ქვეყანაში ამერიკელი სენატორების – ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის სტუმრობას დაემთხვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)