Site icon Civil.ge

ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ გადადგომით გუნდს და სახელმწიფოს უღალატა

ბიძინა ივანიშვილი, ფოტო: facebook.com/GeorgianDreamOfficial

ქართული ოცნების დამფუძნელებლმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ 7 ივნისს პირველი წერილი გამოაქვეყნა და თქვა რომ, თებერვალში ნიკა მელიას დაკავების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“.

უარყო რა ხმები, რომ გიორგი გახარიას ახალი პარტია მისი პოლიტიკური პროექტია, ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყოფილ პრემიერთან თანამშრომლობა მისთვის „ყოვლად მიუღებელი იქნებოდა“. „რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს“, – განცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ „მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით“.

„მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ“.

„უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი“, – თქვა ქართული ოცნების დამფუძნებელმა და ხაზი გასუვა, რომ ამ ყველაფერმა მისი „მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია“.

ივანიშვილმა გააკრიტიკა გიორგი გახარიას ახალი პარტია და თქვა, რომ მას „არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი“ არ აქვს და „აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ მმართველი პარტიის „ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა“ გუნდმა მარტივად შეძლო „სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება“. მისივე თქმით, მიუხედავად პოლიტიკიდან მისი გასვლიდან ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის [პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე] შეცვლისა, „სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას“.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება არა „ცალკეულ პიროვნებებზე“ დამოკიდებული პარტია, არამედ „ძლიერი, ერთიანი“ გუნდია, რომელსაც „უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები“, განსხვავებით, მისის ანტიპოდი ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც მისივე თქმით, „მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე [მიხეილ სააკაშვილზე] არის დამოკიდებული“. „საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, – დაამატა მანვე.

დასასრულს ივანიშვილმა თქვა, რომ ერთ-ერთი, რასაც ქართულმა ოცნებამ მასთან ერთად და პოლიტიკიდან მისი გასვლით მიაღწია, „საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა“.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემ მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, – ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილმა.

გიორგი გახარიას პასუხი

ბიძინა ივანიშვილის წერილს მალევე უპასუხა გიორგი გახარიამ და თქვა, რომ „მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ და ხაზი გაუსვა, რომ „სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“ და „საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს“.

„ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)