ქართული ოცნების დამფუძნელებლმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ 7 ივნისს პირველი წერილი გამოაქვეყნა და თქვა რომ, თებერვალში ნიკა მელიას დაკავების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო საკუთარი გუნდისა და საკუთარი სახელმწიფოს „პირდაპირი ღალატი“. ივანიშვილმა ასევე უარყო ხმები, რომ გიორგი გახარიას ახალი პარტია მისი პოლიტიკური პროექტია.
ქვემოთ ივანიშვილის წერილზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებია მოცემული.
მმართველი გუნდის გამოხმაურება
გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „მეტამორფოზა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ინტერესები აბსოლუტურად სხვა ქმედებებს თხოულობდა პრემიერ-მინისტრისგან, რასაკვირველია, უმკაცრესად უნდა შეფასდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ვალდებულიც იყო გამოსულიყო და საზოგადოებისთვის ეთქვა სიმართლე. ვინაიდან, ამ პრემიერ-მინისტრის არაადეკვატურ მოქმედებებს დაემატა ინტენსიურად გავრცელებადი ჭორი იმის თაობაზე, თითქოს და ამას რაიმე კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან“.
თეა წულუკიანი – კულტურის მინისტრი: „ჩვენ ვისმენდით ნიკა მელიას ქმედებებთან დაკავშირებით გუნდის შიგნით იმ ერთიან პოზიციას გიორგი გახარიასგან, რომელიც გვქონდა ჩვენც. მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ეს ჩვენება და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს გაოცება მხოლოდ ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამგვარ გასაოცარ საქციელს ღალატის ტოლფას ქმედებად აფასებს. […] პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი აიძულეს გამოსულიყო და განცხადება გაეკეთებინა და ეთქვა – ნუ იყენებთ ჩემს სახელს. გახარია არ არის ივანიშვილის პროექტი“.
ოპოზიციის გამოხმაურება
თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ავტოკრატი რეჟისორის დადგმული უნიჭო სპექტაკლი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა, რომ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი. ამაზე საუბრობს ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმაციის ზღურბლზე, მათ შორის, სენატორი შაჰინი და არა მხოლოდ. […] ამიტომ მისი [ივანიშვილის] გათვლა არის ცოტა უფრო გრძელვადიანი, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი აღიქვამს. მისი გათვლა არის, რომ ვადამდელი არჩევნების შედეგად მან შეკრას კოალიციური მთავრობა გახარიას დახმარებით“.
ფიქრია ჩიხრაძე – ლელო საქართველოსთვის: „გიორგი გახარია არის ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო პროექტი. […] ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, თამაში. ივანიშვილს მოუსუსტდა ერთი საყრდენი ქართული ოცნების სახით და თუკი ვადამდელ არჩევნებზე წავა სიტუაცია, მას სჭირდება საყრდენად მეორე ფეხიც. ეს მეორე ფეხი არის გიორგი გახარია“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „ივანიშვილის განცხადებამ დაგვიდასტურა ორი რამე რაც აქამდეც ვიცოდით ყველამ. ერთი, რომ ის მართავს ქვეყანას, ის აკონტროლებს მთავრობას, ანუ არსად არ წასულა. მეორე – დაადასტურა, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდით უნდა საპროტესტო ელექტორატს გაუყოს ხმები იმიტომ, რომ პოტენციურად მომავალში ძალიან რთულ მდგომარეობაში ხედავს ქართული ოცნების პოლიტიკურ შანსებს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ გახარია, როგორც ივანიშვილის წინააღმდეგ მოთამაშე ძალა“.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე ენმ-ისა და გიორგი გახარიას მიერ სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე საუბრობს
- ტელეკომპანია „იმედი“ გიორგი გახარიას უტევს
- პოლიტიკოსები გახარიას ახალი პარტიის შესახებ საუბრობენ
- გიორგი გახარიამ მედიასთან კორუფციაზე, 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და მელიას დაკავებაზე ისაუბრა
- ევროკავშირის ახალი წინადადება საქართველოში არსებული კრიზისის დასაძლევად
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)