ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე მან საქართველოში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ზალკალიანიც ესწრებოდა, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ სფეროებზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს. „ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ აშშ-ის მზარდი ინტერესის და ჩართულობის ნათელი გამოხატულებაა“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, ფილიპ რიკერი მიესალმა საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს. ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „აშშ-ის ხელმძღვანელობა იქნება ძალიან მკაფიო ნატოს მოახლოებულ სამიტზე იმ პროგრესის ასახვის კუთხით“.
„ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
7 ივნისს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე იმსჯელეს მას შემდეგ, რაც ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისია და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დასრულდება.
პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სამხრეთ კავკასიის ტურნეს გეგმებზე ისაუბრა. ფილიპ რიკერის თქმით, დღეს საღამოს იგი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება და შემდეგ ბაქოსა და ერევანში გაემგზავრება, ხოლო კვირის ბოლოს თბილისს კვლავ ესტუმრება.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, მისი მთავარი გზავნილი შეხვედრების დროს იყო, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთად უნდა იმუშავონ 19 აპრილის შეთანხმების შესასრულებლად, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო უსაფრთხო და აყვავებული დემოკრატიული ქვეყანა გახდეს. ეს ასევე გულისხმობს სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე მუშაობას, აღნიშნა მან.
ხაზი გაუსვა რა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რიკერმა დაგმო რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. რუსული ოკუპაციის კონტექსტში, მან განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, რომ გააძლიეროს საკუთარი შესაძლებლობები, რათა მომავალი აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.
თავდაცვის საკითხებზე საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ ერთგული რჩება ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებისა, რომლის თანახმადაც საქართველო გახდება ალიანსის წევრი.
„ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რომ დემოკრატიული, უსაფრთხო და აყვავებული საქართველოს შესახებ საკუთარ მიზანს მიაღწიონ“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)