მსოფლიო ბანკმა 7 ივნისს განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის გასაძლიერებლად საქართველოს დამატებით 34.5 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს. მსოფლიო ბანკმა 2020 წლის მარტში კოვიდ-19-ის პანდემიის გამოწვევებზე სწრაფი რეაგირების პროექტისთვის 80 მლნ აშშ დოლარი უკვე გამოუყო.
მსოფლიო ბანკის ცნობით, დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანები კოვიდ-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ვაქცინის ეფექტიანი გამოყენების ხელშესაწყობად საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება და კოვიდ-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცებაა.
„ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს წვლილი შეაქვს საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.
საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანაში 13 მარტს ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა ჩამოვიდა, 25 მარტს საქართველომ „ფაიზერის“ 29 250 დოზაც მიიღო. 3 აპრილს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზაც დაემატა. ქვეყანამ ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩინეთისგან 30 აპრილს „სინოვაკის“ 100 000 დოზაც მიიღო.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში სულ 178 738 მოქალაქეა აცრილი, მათგან ორი დოზით მხოლოდ 51 248.
ასევე წაიკითხეთ:
- აშშ საქართველოს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს გამოუგზავნის
- მსოფლიო ბანკმა პანდემიის ზემოქმედების შესამსუბუქებლად საქართველოს 85 მლნ ევრო გამოუყო
- COVID-19: მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკას 45 მილიონი ევროთი დაეხმარება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)