ბელგიასა და ლუქსენბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან ქვეყნის მისიის ხელმძღვანელად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და კარიერული დიპლომატი, 43 წლის ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.
მახარობლიშვილმა თანამდებობაზე ნატალი საბანაძე შეცვალა, რომელიც პოსტზე თითქმის რვაწლიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის 21 მარტს გადადგა. მისი წასვლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის თბილისში პირველი ვიზიტის წარუმატებლად დასრულებას დაემთხვა.
ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა 2019 წლის ივლისიდან ეკავა, 2000 წლიდან სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე მსახურობდა. 2011 წელს მას საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიანიჭეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მახარობლიშვილი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას კურირებდა. ამასთან, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის, ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა. აგრეთვე, იგი უწყებრივ კოორდინაციას უწევდა ასოცირების შესრულებისა და ევროკავშირის დახმარების საკითხებს.
ვახტანგ მახარობლიშვილი მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ლაშა დარსალიამ შეცვალა.
თავის მხრივ, მინისტრის მოადგილის პოსტზე ლაშა დარსალია კიდევ ერთმა კარიერულმა დიპლომატმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეცვალა, რომელსაც 2018 -2021 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 2013-2018 წლებში იგი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ლატვიის რესპუბლიკაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)