Site icon Civil.ge

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია, 23 მაისი, 2021, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობების გაუმჯობესებაზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარებს და იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორი პროექტის ახალ, „ქვეყნის სასიკეთო“ პირობებს დათანხმდება, რაც „იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობის, მათ შორის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“.

აღნიშნა რა რომ იგი საკითხზე „აქტიურად“ მუშაობს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მას პრობლემა „მემკვიდრეობით“ დახვდა, რითაც ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიაზე მიანიშნა.

„თუ ვინმე ფიქრობს რომ 100 წელი 49 წლად გადაკეთდება და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე არ იქნება!“, – განაცხადა დღესვე ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა პრემიერ-მინისტრის საპასუხოდ.

საგულისხმოა, რომ მედიაში იუსტიციის სამინისტროდან გამოჟონილი დასკვნაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაზე რამდენიმე კრიტიკულ შენიშვნას შეიცავს.

პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივები პროტესტს ინვესტორთან საზიანო ხელშეკრულებით და გარემოზე საზიანო ზემოქმედებით ხსნიან. 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „მსხვილი უცხოური ინვესტიციით“ კი – მთავრობასა და პრეოქტის მომხრეებს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და 1 600-მდე ადამიანის დასაქმების იმედი აქვთ.

რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტი შვიდ თვეზე მეტია მიმდინარებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის სიახლოვეს კარვებიც გაშალეს და ქუთაისსა და დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციების მოაწყვეს.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს. პროექტს კოპმანია „ენკა რინიუებლსი“ ახორციელებს, რომლის 90%-ს თურქული კონგლომერატი ENKA Insaat ve Sanayi A.S.-ი, 10%-ს კი – ნორვეგიული Clean Energy Group-ი ფლობს.

ნამახვაჰესის შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)