(ტირანა, 9 ივნისი) ალბანეთის პარლამენტის 104-მა დეპუტატმა 150-იდან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ილირ მეტას იმპიჩმენტს. ქვეყნის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, პრეზიდენტმა “კონსტიტუცია დაამცირაო”. კონსტიტუციის მძიმე დარღვევა ალბანეთში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ერთ-ერთი საფუძველია, მეორე კი სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენაა. მმართველ სოციალისტურ პარტიას კონსტიტუციურ დარღვევად ის მიაჩნია, რომ პრეზიდენტმა მეტამ საარჩევნო კამპანიისას პარტიას არჩევნების მოსყიდვასა და დანაშაულებრივი სამყაროს მობილიზაციაში დასდო ბრალი.
იმპიჩმენტზე საბოლოო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს პარლამენტის გადაწყვეტილებიდან სამი თვის ვადაში, შვიდიდან ხუთი მოსამართლის გადაწყვეტილებით მაინც. ამ ხუთიდან ერთი მაინც პრეზიდენტის დანიშნული მოსამართლე უნდა იყოს (ასეთი ახლა სამია).