საქართველოს სახალხო დამცველმა 9 ივნისს განაცხადა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს, 18 წლის ლუკა ხაჩიძეს, საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი, სავარაუდოდ, იძულებით მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც სამართალდამცველ უწყებას პანსიონში მისი ყოფნისას არსებული სავარაუდო ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე სავარაუდო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებების ფონზე გავრცელდა.
ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნა, რომ 18 წლის სტუდენტი შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციით „დროებით განთავსდა უსაფრთხო გარემოში“ და ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს მისი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესს, რამდენადაც მას საცხოვრებელი არ აქვს.
ომბუდსმენმა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო.
ლუკა ხაჩიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ზედამხედველმა მას უთხრა, რომ ბარგი ჩაელაგებინა და წასულიყო. საერთო საცხოვრებლიდან სტუდენტის გაგდების შესახებ ინფორმაცი უარყო საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ და აღნიშნა, რომ „ეს არის ჭორაობა“ და „არ არის სიმართლე“.
„სამოქალაქო საზოგადოებამ“ კომენტარისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. „სამოქალაქო საზოგადოება“ განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.
ეპისკოპოს სპირიდონის პასუხი
ეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც ნინოწმინდის პანსიონსა და წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს, დღეს ბრალდებებს ვიდეომიმართვით უპასუხა და თქვა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პირველკურსელი უნივერსიტეტიდან გამოაგდეს „სიმართლეს არ შეესაბამება“. თუმცა, მისი განცხადებიდან ნათლად არ ჩანდა, ეხებოდა ეს სტუდენტის საერთო საცხოვრებლიდან გაგდებასაც, თუ არა.
მანვე აღნიშნა, რომ 18 წლის ახალგაზრდას „დედა ეკლესიამ“ იგი ყველაფრით უზრუნველყო და მას არაფერი აკლდა. „ჩვენ გაოცებულნი ვართ, თუ რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ასე გონება, რომ ასე მოიქცა“, – თქვა ეპისკოპოსმა და აღნიშნულში არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი დაადანაშაულა. „ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ ჩვენ ასეთი თაობა არ მივიღოთ“, – დაამატა მანვე.
ეპისკოპოსისვე განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან აღსაზრდელების გაყვანით, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი ნინოწმინდაში „ქართული გენისა“ და „ქართული მენტალიტეტის“ გაქრობას ცდილობენ.
წინაისტორია
საპატრიარქოს კურატორობის ქვეშ მყოფი ნინოწმინდის პანსიონი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დაწესებულებაში მონიტორინგისთვის შესვლაზე უარი ორჯერ უთხრეს. შედეგად, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა და სახელმწიფოს პანსიონში არსებული მდგომარეობის შემოწმების „დაუყოვნებლივი“ უზრუნველყოფა დაავალა.
რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობების ფონზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საპატრიარქო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. სახელმწიფო მზრუნველობის სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, პანსიონიდან უკვე 25 აღსაზრდელი გამოიყვანეს, მათ შორის, 7 შშმ ბავშვია. სააგენტოსვე ინფორმაციით, დარჩენილ 28 აღსაზრდელზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
- სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
- არასამთავრობოები მთავრობას ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებში დაუყოვნებლივი ჩარევისკენ მოუწოდებენ
- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარეშემო არსებული უთანხმოება გრძელდება
- ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კვლავ არ შეუშვეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)