ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელიც 10-12 ივნისს თბილისს სტუმრობს, დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდა.
ორმა პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ხელმოწერის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დოკუმენტი „აღრმავებს ჩვენი, ორი ქვეყნის ურთიერთობას, თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით“.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მედიაციის როლს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა საქართველოსა და რეგიონში მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. მან 14 ივნისის ნატოს სამიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„შეხვედრისას ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ სამიტის ფარგლებში იყოს ნახსენები საქართველოს და უკრაინის საკითხი და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა – ჩვენ მივიღოთ იმის ნიშნები, თუ რა გზით და რა ფორმით ვაგრძელებთ ჩვენი ინტეგრაციის გზას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ლიეტუვასა და საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ და ერთნაირი საგარეო საფრთხეების წინაშე დგანან. „როცა ვუყურებ საქართველოს, მე მახსენდება ლიეტუვა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის იბრძოდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ნაუსედან და დასძინა, რომ „ჩვენ ასევე ვხედავთ მსგავს მონდომებას ქართველ ხალხში, ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ნაუსედა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც „ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გააქტიურებას“. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოსთვის 15 000 დოზა ვაქცინის საჩუქრად გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე, რომელთაც ლიეტუვის პრეზიდენტი სოფელ ხურვალეთში პირადად გაეცნო. გიტანას ნაუსედამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ლიეტუვის „მტკიცე მხარდაჭერა“ დაუდასტურა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)