საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით 2-ის წინააღმდეგ 10 ივნისს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ქართული ოცნების მიერ 2019 წელს ინიცირებული ცვლილებები კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების სამ კატეგორიად დაყოფას ითვალისწინებს.
კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. გარდა ამისა, კანონის პროექტით ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ შემუშავდება ახალი საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც „საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული წესით მივიღებთ, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჰარმონიზებული იყოს ევროდირექტივასთან“. მისივე თქმით, ათი დღის წინ ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ მიღებული ცვლილებები „ძლიერი ფუნდამენტია, რომელზეც საქართველოს შეუძლია მომავალი კიბერუსაფრთხოება ააგოს“. მან იქვე დასძინა, რომ ეს „კიბერსივრცეში მისი თავდაცვისა და სუვერენიტეტისთვის მნიშვნელოვანია“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) შეშფოთება გამოხატა მიღებული ცვლილებების გამო და განაცხადა, რომ ინფორმაციულ აქტივებზე, ინფორმაციულ სისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე სრული წვდომა ეძლევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს.
ორგანიზაციის თქმით, ახალი კანონით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეძლევა შესაძლებლობა, „გააჩნდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე“.
„ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, რამდენადაც, ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2021 წლის 30 დეკემბრიდან შევა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)