Site icon Civil.ge

ნატოს სამიტი: ჩინეთის აჩრდილი

ნატოს ლიდერები ახალ საფრთხეებზე მსჯელობენ. ფოტო: nato.int

რაო?

ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა, მისი სამხედრო პოტენციალის ზრდა და აგრესიული მოქმედებები “სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისათვის” – ასე ჩაიწერა ორშაბათს გამოცემულ სამიტის კომუნიკეში.

მერე რა?

1949 წელს საბჭოთა კავშირის საპირწონედ შექმნილმა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თავის ისტორიაში პირველად ახსენა ჩინეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხე ოფიციალურ განცხადებაში.

კი ახსენა, მაგრამ…

ჩინეთის საფრთხეზე ყურადღების გამახვილება ძირითადად ვაშინგტონიდან მოდის, როგორც ჩანს ევროპელმა ლიდერებმა ახალ პრეზიდენტს ხათრი არ გაუტეხეს და მის პრიორიტეტს დაჰყვნენ. ჩინეთის სულ უფრო აგრესიული მოქმედებების მიმართ ევროპელების სიფრთხილე იზრდება, რაც დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებებშიც აისახა, ოღონდ ნატოსათვის მოწინააღმდეგედ ჩინეთის დასახვას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მხარს არ უჭერენ:

ნუ დააგდებ ძველსა გზასაო

ნატოს ოფიციალურ კომუნიკეში რუსეთი 62-ჯერაა ნახსენები, ჩინეთი კი ათჯერ. თუნდაც ეს მოწმობს, რომ ნატოს ძველი მოწინააღმდეგე ჯერაც მისი უმთავრესი პრობლემაა, თუმცა იმაზეც მიუთითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა და მისგან მომავალი საფრთხე სულ უფრო ხშირად განიხილება ჩინეთთან გლობალური მეტოქეობის კონტექსტში.

ჩვენ რა დავასკვნათ?

დემოკრატიული სამყაროს ლიდერებისთვის გლობალური საფრთხე ჩინეთია, ხოლო ჩინური სტრატეგიული ინტერესების ფასადად და ნებით თუ უნებლიედ გამტარებლად რუსეთის გაჩენა – უკიდურესად სახიფათო სცენარი. ამიტომაც, ევროპელი ლიდერების მცდელობა, რუსეთთან დიალოგი შეინარჩუნონ ნაწილობრივ იმაზეცაა გათვლილი, რომ ჩინეთთან მისი დაახლოება გამორიცხონ.