ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ ერგნეთში 15 ივნისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მე-100 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფასილიტატორები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ანიკა სოდერი იყვნენ. შეხვედრას ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორი იოანეკე ბალფორტიც ესწრებოდნენ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, გენერალურმა მდივანმა შმიდმა ხაზი გაუსვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ეს „რჩება გადამწყვეტი დაძაბულობის განმუხტვისა და უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ტვირთის შესამსუბუქებლად“.
ამავე ინფორმაციით, ფასილიტატორებმა გამშვები პუნქტების გახსნის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ კოვიდ-19-პანდემიის უარყოფითი შედეგების წინააღმდეგ ერთობლივი ზომების მიღებაა საჭირო.
„ელჩმა სოდერმა გააკეთა მოწოდება ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავებების არსებული შემთხვევების გადასაწყვეტად და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებზე დეესკალაციისთვის მიმართული მუშაობისკენ“, – ნათქვამია სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისმა მკაცრად დააყენა უკანონოდ დაკავებული პირების, მათ შორის, ზაზა გახელაძის, დაუყოვნებელი გათავისუფლების საკითხი. ამავე ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას ადასტურებს შეხვედრაში ეუთოს გენერალური მდივნის, ჰელგა მარია შმიდის მონაწილეობა.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლების შესახებ კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. მისი თქმით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს გახელაძის ოჯახის მიერ მისი ცხინვალში მონახულების შესაძლებლობაზე.
ცხინვალის რეგიონის წარმომადგენელმა, იგორ კოჩიევმა ქართველი სამართალდამცველები ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში „პროვოკაციულ ქმედებებში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, დაახლოებით ათი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ „დარღვევების“ გამო დააკავეს. მისივე განცხადებით, ყველა მათგანი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე დააბრუნეს.
ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 13 ივლისს დაიგეგმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ეუთოს გენ. მდივანმა საქართველოში ვიზიტი ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყო
- ერგნეთში IPRM-ის 99-ე შეხვედრა გაიმართა
- ერგნეთში IPRM-ის 98-ე შეხვედრა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)