16 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოსა და კიდევ 57 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, 70-მა კი – თავი შეიკავა.
ეს უკვე მეთოთხმეტე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს. პირველი რეზოლუცია, რომელიც 2008 წელს მიიღეს, მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთს ეხებოდა, ყველა მომდევნო დოკუმენტი კი ეხება როგორც აფხაზეთს, ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს.
2020 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 84-მა ქვეყანამ, 13 წინააღმდეგი იყო, 78-მა კი თავი შეიკავა.
2019 წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირა 79-მა ქვეყანამ, 15 წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.
2018 წელს რეზოლუციას მხარი 81-მა ქვეყანამ დაუჭირა, 16 წინააღმდეგი იყო, 62-მა კი თავი შეიკავა.
რუსეთის ფედერაციასთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა – ბელარუსმა, ბურუნდმა, კუბმა, კომორის კუნძულებმა, ჩრდილოეთ კორეამ, ლაოსმა, ნიკარაგუამ, შრი-ლანკამ, სუდანმა, სირიამ, ვენესუელამ, ვიეტნამმა და ზიმბაბვემ.
კომორის კუნძულებმა 2019 წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, 2020 წელს მხარი დაუჭირა, 2021 წელს კი – ხმა კვლავ წინააღმდეგ მისცა. მიანმარი, რომელმაც 2020 წელს რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, წელს ხმის მიცემას არ დასწრებია.
ბარბადოსმა, კოტ-დ’ივუარმა, პალაუმ და უზბეკეთმა, რომლებმაც 2020 წელს თავი შეიკავეს, წელს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დომინიკელთა რესპუბლიკამ, ელ სალვადორმა, მადაგასკარმა და ტოგომ, რომელთაც 2020 წელს რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადეს, წელს თავი შეიკავეს.
მალავი და პაპუა-ახალი გვინეა, რომელთაც 2020 წელს მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, წელს ხმის მიცემას არ დასწრებიან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რეზოლუციის თანაავტორთა 54-დან 57 ქვეყნამდე ზრდა ცხადყოფს, რომ „ხსენებული რეზოლუცია უკვე გლობალურ ინიციატივას წარმოადგენს“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/09/2020 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
- 04/06/2019 – გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)