Site icon Civil.ge

ესტონეთი საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას აჩუქებს 

კოვიდ-19-ის ვაქცინა, ფოტო: ჰაკან ნურალი/unsplash.com

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 ივნისის განცხადებით, საქართველო ესტონეთისგან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზას მიიღებს.

„ესტონეთი დაეხმარება ჩვენს აღმოსავლელ მეზობელს, მოლდოვას და მას 100 000 დოზა ვაქცინას აჩუქებს, ასევე 100 000 დოზას აჩუქებს ჩვენ პარტნიორს, საქართველოს“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ რომელი ტიპის ვაქცინებს აჩუქებს საქართველოს ან როდის. თავად ესტონეთი ოთხი ტიპის ვაქცინას მოიხმარს, მათ შორისაა – „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „იანსენი“.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 15 000-15 000 დოზას საქართველო ლატვიისა და ლიეტუვისგანაც მიიღებს.

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო და 17 ივნისის მდგომარეობით, სულ 221 156 ადამიანია აცრილი, მათ შორის, ორივე დოზით 74 495.

დღეს ქვეყანაში კოვიდ-19-ის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამური 356 920 დადასტურებული შემთხვევიდან 342 720 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 5 114 კი – გარდაიცვალა. 42 მოქალაქე 8 დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 2 926 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)