საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 18 ივნისს განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის მარტში „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის, მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით გასული ფარული აუდიოჩანაწერები, 2011-2012 წლების უკანონოდ მოპოვებული კერძო საუბრების მონტაჟით მიღებული „გაყალბებული“ და „მოდელირებული“ ვერსიაა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების შუალედური შედეგებით დადგინდა, რომ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრების ფარული მიყურადება შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების დავალებით 2011 წლის 4 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებამდე ერთი დღით ადრე დაიწყო.
პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, აუდიოჩანაწერებში მოსაუბრე, რომლის ხმაც ბერა ივანიშვილის ხმის მსგავსია, ჩანაწერების გაკეთების მომენტში 13-18 წლამდე, ირაკლის ღარიბაშვილის ხმის მსგავსი მოსაუბრე 25-30 წლამდე, ხოლო ანზორ ჩუბინიძის ხმის მსგავსი მოსაუბრე კი – 35-40 წლამდე დიაპაზონშია.
მთავარი საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სამივე მათგანს 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელთანაც შემხებლობა არცერთ მათგანს ჰქონდა, გამოგონილი სახელებითა და მეტსახელებით უსმენდნენ. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ, ფარულად ასევე უსმენდნენ ივანიშვილის ოჯახის სხვა წევრებს, ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებსა, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს და ჟურნალისტებს.
პროკურატურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადების შემდეგ, მისი ოჯახის, მათ შორის, „არასრულწლოვან“ ბერა ივანიშვილის მიმართ საჯარო სივრცეში, მათ შორის, სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელება დაიწყო, რომელთა შესახებაც ინფორმაციას ოჯახის პირადი დაცვის სამსახურს აწვდიდნენ, რომელსაც მაშინ ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, 2011 წელს ერთ-ერთი ასეთი შეტყობინების გადამოწმების მიზნით ბერა ივანიშვილის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მათ ავტორებს ორჯერ შეხვდნენ და მშობლებისა და მეზობლების თანდასწრებით გაესაუბრნენ. „შეხვედრისას არანაირ ძალადობას, მუქარას, იძულებას ან სხვა დანაშაულის ნიშნებს ადგილი არ ჰქონია“, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ აუდიოჩანაწერების იმ ეპიზოდზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს, სავარაუდოდ, ეუბნება, რომ მას მინისტრები დაურეკავენ და განმარტავს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერში სიტყვა „მინისტრები“ საერთოდ ნახსენები არ არის.
„ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები ,,მილი“ და ,,სტები“, ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა მილი-სტები“, – განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში და დასძინეს, რომ „საერთო ჯამში, მონტაჟის ავტორთათვის სასურველი შინაარსის მქონე აუდიო ჩანაწერების მისაღებად, ჩანაწერებში, მონტაჟის კვალი აღინიშნება 170 ადგილას“.
პროკურატურამ ისიც აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენისა და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, „ტელეკომპანია პირველისგან“ მოთხოვნილი მასალები ამ დრომდე არ მიუღია.
- ფარული ჩანაწერები: არასამთავრობოები საშიშ პრეცედენტს გმობენ, „ტვ პირველი“ დიპლომატებს მიმართავს
- სასამართლომ პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა
ამბის წინაისტორია
ფარული აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა. ჩანაწერებში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილიც საქმის კურსშია. მეტიც, ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.
საუბრების ნამდვილობა არ უარუყვიათ თავად ბერა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს, თუმცა სამივე მათგანმა ხაზი გაუსვა, რომ ისინი 2012 წლამდე სატელეფონო საუბრების „ფაბრიკაცია“ იყო.
პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკანონო მიყურადებისა და გავრცელების მუხლით დაიწყო 9 მარტს დაიწყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებს ეხმიანება
- ბერა ივანიშვილი: ოჯახის შეურაცხმყოფელთ „პასუხს დღესაც მოვთხოვ“
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)