Site icon Civil.ge

კრიტიკის მიუხედავად ქვედა ინსტანციის სასამართლოებში 47 ახალი მოსამართლე დანიშნეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ფოტო: facebook.com/HighCouncilofJusticeofGeorgia/

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე 17 ივნისს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში 47 ვაკანტური ადგილი შეავსო.

მოსამართლეები საქართველოს მასშტაბით საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, მათ შორის, თბილისსა და ქუთაისში, გამწესდნენ. მიუხედავად ახალი დანიშვნებისა, 41 ადგილი კვლავ ვაკანტური რჩება, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი 88 ადგილზე დაიწყო.

საბჭოს გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „არსებული ვაკანსიების უმეტესობა როგორც წესი კლანთან დაკავშირებული პირებით ივსება, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების  პერსპექტივას კიდევ ერთხელ გადაავადებს“.

„ამ ვაკანსიების ძირითადი ნაწილის შევსებით კიდევ უფრო შეუძლებელი ხდება სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრების შედინება. საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით,  კიდევ უფრო ზიანდება  ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

იმავდროულად, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გუშინ განაცხადეს, რომ ახალი დანიშვნები კიდევ უფრო გაამყარებს გავლენიანი მოსამართლეების ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „კლანი სასამართლოში გავეშებულია. ისინი ასწრებენ ქართული ოცნების მილევად ხელისუფლებაში ყოფნას, რომ რაც შეიძლება გააღრმავონ თავიანთი კლანის ფესვები“.

სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც „კავშირშია“ ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღებასთან. „კლანური სისტემა სასამართლოში კანონის უზენაესობას ძირს უთხრის“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)