თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიწვევით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი 18 ივნისს თურქეთს ესტუმრა, სადაც იგი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს დაესწრო, რომელზეც პოლიტიკურმა ლიდერებმა, დიპლომატებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებზე იმსჯელეს.
It is an honor to participate in #AntalyaDiplomacyForum at t/invitation of my🇹🇷 colleague @MevlutCavusoglu. Meetings of leaders of this magnitude are of great importance given t/role of diplomacy in responding to regional & global challenges.#AntalyaDiplomacyForum #MEET4DIPLOMACY
— David Zalkaliani (@DZalkaliani) June 18, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 18-19 ივნისის ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური ფორუმის სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე რეგიონში მიმდინარე პროცესებში საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეების – აშშ-ის, ევროკავშირის და თურქეთის სახით აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მიუხედავად ქართული მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის დემონსტრირებისა, ასევე პოზიტიური სიგნალებისა რომ საქართველო მზად არის დეესკალაციისთვის, სამწუხაროდ, ოკუპაცია კვლავაც გრძელდება“, – თქვა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ძირითადი მიმართულებებით „რაიმე სახის გარღვევა“ არ შეინიშნება.
18 ივნისს, დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა, რომელთანაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი „მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო“ განიხილა.
Met W🇺🇳 Assistant SG MiroslavJenča within the scope of #AntalyaDiplomacyForum. Discussed a set of themes, inc difficult situation in t/occupied territories of🇬🇪 & illegal detention of🇬🇪 citizens by occupation forces. Accentuated significant role of @UN in Geneva Int'l Discussions pic.twitter.com/9lZ1RhXPm4
— David Zalkaliani (@DZalkaliani) June 18, 2021
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო“ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას, რომელსაც ოკუპირებულ ცხინვალში 12.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში დავით ზალკალიანი 19 ივნისს უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ღონისძიებები მიმოიხილეს. ამასთან, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე, მათ შორის, ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რაც „ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებებზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)