საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში 18 ივნისს რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა. პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რომის პაპთან თბილისსა და ვატიკანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებაზე იმსჯელა, რომელიც კულტურის, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით კავშირების განმტკიცებას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტმა პაპ ფრანცისკეს საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება გააცნო. პაპთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზეც იმსჯელა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს მედიაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „დიალოგის გარეშე კონფლიქტების დაძლევა და სიტუაციის დეესკალაცია შეუძლებელია“, – დასძინა მანვე.
საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპს მეფე დემეტრე I-ის ავტორობით შექმნილი საგალობლის – „შენ ხარ ვენახის“ ხელნაწერი ნოტები უსახსოვრა, რომელიც სპეციალურად რომის პაპისათვის გადაიწერა. „წიგნი ქართული კულტურის შესახებ და წიგნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძრების შესახებ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების საუკეთესო ღვინოების ნაკრები. ასევე, გადასცა პატრიარქის საჩუქარი“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)