Site icon Civil.ge

სალომე ზურაბიშვილი კიევს სტუმრობს 

სალომე ზურაბიშვილი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, 23 ივნისი, 2021, ფოტო: president.gov.ua

22 ივნისს კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინას ორდღიანი ვიზიტით პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანიც სტუმრობს.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისსა და კიევს შორის პოლიტიკური დიალოგი ახალ იმპულსს იძენს. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ერთობლივი მისია ორმხრივი პროექტების განხორციელებისა და ნდობის გაძლიერების გზით მათ სტრატეგიულ ურთიერთობებს ახალ არსს შესძენს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საერთო მიზნები აქვთ და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ განვითარებაზეც თანხმდებიან.

მან ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ამოცანაა თბილისისა და კიევისთვის და დასძინა, რომ ორ ქვეყანას საზღვაო ფლოტებს შორის თანამშრომლობის გაფართოება სურთ.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ „გარკვეული დრო დაიკარგა, დრო, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისთვის“. მას მხედველობაში ჰქონდა თითქმის ერთწლიანი პაუზა ორი ქვეყანას შორის ურთიერთობებში, რასაც წინ უძღვოდა პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის თაობაზე.

„ჩვენი ურთიერთობა უბრუნდება საკუთარ ნორმას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტები „უნდა უფრთხილდებოდნენ“ ორმხრივ ურთიერთობებს. მისი თქმით, ორ ქვეყანას საერთო მიზნები აქვს, მათ შორის, დეოკუპაცია, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ასევე ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების გაღრმავება.

აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზზე განხორციელებული „ყოველდღიური პროვოკაციები“ ვეღარ გაგრძელდება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერს აკეთებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ორი ქვეყნის გზა დეოკუპაციისკენ „მშვიდობიანი გზაა“. მან მოუწოდა მოსკოვს, რომ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. „დიალოგს სჭირდება დეესკალაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტ ზელენსკის ყირიმის პლატფორმის ინიციატივასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თბილისი და კიევი შეათანხმებენ, თუ ვინ იქნება საქართველოს წარმომადგენელი ამ ღონისძიებაზე.

ვიზიტის დასრულებამდე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს და ვერხოვნა რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)