Site icon Civil.ge

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა 

საქართველოს პარლამენტი, ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 28 ივნისს 86 ხმით 3-ის წინააღმდეგ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, როგორც ამას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა.

ცვლილებები საარჩევნო სისტემაში, წინასაარჩევნო კამპანიაში და საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პროცესში ახალი წესების შემოღებას ითვალისწინებს. ცვილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პრეზიდენტი წარადგენს და მას პარლამენტი ხმების 2/3-ით დაამტკიცებს. ცესკოს წევრთა რაოდენობა 12-დან 17-მდე იზრდება, რომელთაგანაც რვა პროფესიული ნიშნით შერჩეული, ხოლო ცხრა პარტიების მიერ წარდგენილი წევრია. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება, რომელთაგან ერთი პროფესიული ნიშნით შეირჩევა, მეორე კი – ცესკოში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრებისგან.

ცვლილებების თანახმად, ასევე იზრდება პროპორციული წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევნებზე, ხოლო მაჟორიტარულ ნაწილში 40%-იანი ბარიერი იქნება შემოღებული. მაგალითად, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 40-ს პროპორციული წესით აირჩევენ, 10-ს კი – მაჟორიტარული. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

ცვლილებების პროექტი, თავდაპირველად, მარტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა და მოქალაქეების ლევან იოსელიანმა წარადგინეს, ორ პარტიას შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. მოგვიანებით, პროექტი 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად გადაიხედა.

მიუხედავად ოპოზიციის გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებისა, პროექტმა დეპუტატების ერთსულოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ვინაიდან ორმა ოპოზიციურმა ფრაქციამ – „ძალა ერთობაშია“ და „პარტნიორობა საქართველოსთვის“ – თავი შეიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის შვიდივე წევრმა ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მაჟორიტარების ნაწილში 40%-იანი ბარიერის შემოტანა განხილული არ ყოფილა. აღნიშნა რა რომ მის პარტიას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხაზარაძემ დაამატა, რომ მათთვის მიუღებელია „პატარა პარტიების დასჯა“.

გასული წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბების“ მოტივით, მთავარი ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი მოჰყვა. პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილამდე გასტანა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის შედეგად განიმუხტა, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით დასრულდა. მხარეების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი სხვა საკითხებთან ერთად, „საარჩევნო სისტემის ამბიციურ რეფორმასაც“ ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)