23 ივნისს, რუსულმა საინფორმაციო სამსახურებმა გაავრცელეს ცნობები, რომ რუსეთის სანაპირო დაცვამ გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ბრიტანულ საესკადრონო ნაღმოსან HMS Defender-ს და ყირიმის აკვატორიიდან განდევნა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ცეცხლის გახსნა უარყო, თუმცა, რუსული სანაპირო დაცვის კატარღების მიერ დევნა და რუსული სამხედრო ავიაციის გადაფრენა დაადასტურა, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე გემის ბორტზე მყოფმა ბი-ბი-სის ჟურნალისტმა. ეს რამდენიმე დღეა, ამბავი პრესის ყურადღებას იპყრობს: რუსეთი მუქარით საუბრობს, ბრიტანეთი კი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალთან სრული შესაბამისობით მოქმედებდა. ვინაა მართალი?
“მშვიდობიანი გავლა”
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის პირველსავე ტვიტერ-განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ HMS Defender მშვიდობიანი გავლის უფლებას იყენებდა. ზუსტად იგივე განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, ბენ უოლესმა თემთა პალატაში განხილვისას. რას გულისხმობდნენ ისინი?
“მშვიდობიანი გავლის” უფლება ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის საზღვაო წესებში დადგინდა და დღეს უკვე გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის (UNCLOS, 1982) ძალითაა დაცული.
გავლის კურსი
ის გულისხმობს რომ, ნებისმიერი ქვეყნის გემს უფლება აქვს სხვა ქვეყნის ტერიტორიულ წლებში მშვიდობიანად გაიაროს, წინასწარი გაფრთხილების გაერშე, თუკი გემი არ შედის არც ერთ პორტში და მოძრაობს “მუდმივად და სწრაფად”, ღუზის ჩაშვების, ანდა შეჩერების გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუკი ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, ანდა გასაჭირში ჩავარდნილ სხვა გემს უწევს დახმარებას.
ამ თვალსაზრისით, HMS Defender მართლაც უმოკლესი გზით მიდიოდა ოდესიდან ბათუმის მიმართულებით, არც შეჩერებულა და არც გზიდან გადაუხვევია.
მეტიც, ბრიტანეთი ამტკიცებს (და ეს რუკებზეც ჩანს), რომ გემი იყენებდა ნავიგაციისათვის გამოყოფილ კორიდორს – ხატოვნად რომ ვთქვათ, ერთგვარ “საგზაო ავტობანს” – რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რუკაზეა მონიშნული. ზემოთ ნახსენები გაეროს კონვენცია ამბობს, რომ “მშვიდობიანი გავლის” დროს, სუვერენიტეტის მქონე ქვეყანამ, შეიძლება მოსთხოვოს გემს, სწორედ ასეთი კორიდორი გამოიყენოს. ანუ ბრიტანეთს შეუძლია თქვას, რომ არათუ კონვენციის სულისკვეთებას დაემორჩილა, არამედ მის მიერ დათქმული კონკრეტული წესიც შეასრულა.
მშვიდობიანი ხასიათი
ახლა, რაც შეეხება გავლის “მშვიდობიან” ხასიათს – კონვენცია ამბობს, რომ გავლამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე მშვიდობას, წესრიგს, ანდა სანაპირო ქვეყნის უსაფრთხოებას, რასაც მოაყოლებს ამომწურავ სიას მოქმედებებისა, რომელიც შეიძლება ასეთად ჩაითვალოს: ძალის გამოყენებით მუქარა, საწვრთნელი სროლები, თავდაცვითი ან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, პროპაგანდა, კონტრაბანდა, სამხედრო თვითმფრინავების ან სხვა საშუალებების ბორტიდან აფრენა ან მიღება, მეთევზეობა, ზღვის განგებ დაბინძურება.
რუსეთს არ განუცხადებია, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემმა ამ დათქმებიდან რომელიმე დაარღვია. ეს რომ ასე მომხდარიყო, რუსეთს ოფიციალური ნოტით უნდა მიემართა გაეროსათვის, თუმცაღა, ამავე კონვენციით, რუსეთს არ ჰქონდა უფლება იარაღი გამოეყენებინა მაშინაც კი, თუკი გემი მშვიდობიანობის ზემოთჩამოთვლილ წესებს არღვევდა: გამონაკლისი მხოლოდ ის იქნებოდა, რომ ბრიტანულ გემს თავად, პირველს გაეხსნა ცეცხლი რუსი სამხედროების წინააღმდეგ.
ამგვარად, ყოველმხრივ ცხადია, რომ HMS Defender-მა საერთაშორისო ნაოსნობის წესების სრული დაცვით გაიარა თავისი მარშრუტი. ერთადერთ შესაძლო დარღვევად ალბათ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ამით ვაჩვენეთ, რომ ყირიმზე რუსეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს არ ვაღიარებთო. “პროპაგანდისთვის” მშვიდობიანი გავლის გამოყენებას კონვენცია კი კრძალავს, თუმცა ამის შესახებ რუსეთს არც პრეტენზია განუცხადებია და, ასე რომც ყოფილიყო, გემისთვის კურსის შეცვლის იძულების და, მით უმეტეს, იარაღის გამოყენების კანონიერი უფლება მაინც არ ექნებოდა.
ეს კონვენცია სამხედრო გემებზე ვრცელდება?
ეს ფრიად საინტერესო საკითხია და, აი, რატომ: ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს, რომ კონვენციის მოქმედება სამხედრო გემებზე ვრცელდება. ეს თუნდაც იქედანაა ცხადი, რომ კონვენციაში ჩამოთვლილი ზოგიერთი მოქმედების (სროლის, სამხედრო თვითმფრინავების მიღების, დაზვერვის) საშუალება, როგორც წესი, სწორედ სამხედრო გემებს აქვთ.
ამას გარდა, სწორედ ამ საკითხის წერილობითი დაზუსტება მოხდა აშშ-სა და სსრკ-ს (რომლის სამართალმემკვიდრე რუსეთია) შორის და არ იკითხავთ რატომ? იმიტომ, რომ 1988 წელს სსრკ საზღვაო ფლოტმა სწორედ ყირიმის აკვატორიაში ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდს იძულებით (თავისი ხომალდების ბორტით ბიძგით) შეაცვლევინა კურსი. ამ სახიფათო ინციდენტს მოლაპარაკებები მოჰყვა, რის შედეგადაც მიიღეს საზღვაო სამართლის კონვენციის ერთიანი ინტერპრეტაცია, სადაც ნათლად ჩაიწერა, რომ მშვიდობიანი გავლის წესები ვრცელდება სამხედრო გემებზეც, მათი შეიარაღების, აღჭურვილობის და სხვა თავისებურებებისდა მიუხედავად.
დასკვნის სახით:
დაარღვია თუ არა დიდმა ბრიტანეთმა საზღვაო სამართალი HMS Defender-ის ვიზიტით? – არა, მას საზღვაო სამართალი არ დაურღვევია.
დაარღვია თუ არა რუსეთმა საზღვაო სამართალი? – გააჩნია რეალურად რა მოხდა. თუკი რუსეთმა მართლაც გაისროლა გემის მიმართ და მისი კურსის მიმართულებით ბომბები ჩამოყარა (როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებს), მაშინ სერიოზული დარღვევა მოხდა. თუ არა (როგორც ბრიტანეთი ამტკიცებს), მაშინ მას არ ჰქონდა კანონიერი უფლება მოეთხოვა HMS Defender-ისთვის ტერიტორიული წლების დატოვება, თუმცა ეს საკმაოდ მსუბუქ დარღვევად ჩაითვლება.
აღიარა თუ არა ამით დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის სუვერენიტეტი ყირიმზე? – სამართლებრივად – არა, პოლიტიკურად – კი. სუფთა სამართლებრივი თვალსაზრისით, მშვიდობიანი გავლისათვის ქვეყანას არ სჭირდება სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის თანხმობა და ეს დიდ ბრიტანეთს არც უკრაინისაგან მოუთხოვია და არც რუსეთისაგან. ანუ დიდ ბრიტანეთს, საზღვაო სამართლის კონვენციის მოქმედების ფარგლებში, არანაირი პოზიცია არ დაუჭერია იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის ყირიმი. საქმეა საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტაცია: აქ ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა ნათლად განაცხადეს, რომ რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმზე არ აღიარებენ. ოღონდ ისე გამოვიდა, რომ სწორედ რუსეთის გადაჭარბებული რეაქცია და ყირიმის თავისად დაჩემება იქცა ბრიტანეთის ოფიციალური პირებისათვის ამგვარი განცხადებების გასაკეთებელ საბაბად.
ჯამში, HMS Defender-ს მისია სამართლებრივად მყარ საფუძველზე დგას, ხოლო პოლიტიკურად მომგებიანად გამოიყურება მისი უდიდებულესობის მთავრობისათვის.