საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე 30 ივნისს, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის წინ, ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ნატოს პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენბერგმა ჯუანშერ ბურჭულაძეს ნატოს ოპერაციებსა და მისიებში წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და „მიესალმა საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმებზე საქართველოს მხრიდან ყურადღების ფოკუსირებას, რაც მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“.
ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ნატოს ბოლო სამიტის შედეგებზეც იმსჯელეს, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მუდმივი ერთგულება ღია კარის პოლიტიკის, პოლიტიკური და პრაქტიკული მიმართულებებით თანამშრომლობისა და შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, თავის მხრივ, მინისტრმა ბურჭულაძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მზადყოფნა საერთო უსაფრთხოების მიზნების მიმართ“.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)